floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


7 Comments

Less sleep/More sleep

Image

კომპიუტერთან ვზივარ, ბლოგისთვის თემას ვწერ, სამეცადინოზე არ ვფიქრობ და არც ის მადარდებს დილით ადრე როგორ ავდგე – ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს პარასკევია! მხოლოდ ახლა დავიჯერე. დამთავრდა მორიგი სასწავლო კვირა, დამღლელი და გადატვირთული. ისე მჭირდება ზამთრის არდადეგები, როგორც ჟანგბადი. მჭირდება ბევრი, ბევრი, ძალიან ბევრი ძილი. შემიძლია ყოველდღე, უბრალოდ, ადრე დავწვე და დილითაც ადრე გავიღვიძებ, მაგრამ ნებისყოფა არ მყოფნის.

და მაინც, რატომ მიყვარს ასე ძალიან ღამით სიფხიზლე? ჩემ შემთხვევაში პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ არსებობს კომპიუტერი, რომელთანაც დღისით სამეცადინოს გამო ვერ ვჯდები და ტელევიზორი, რომელზეც შუადღისას არაფერი გადის, მხოლოდ ღამით აჩვენებენ საინტერესო გადაცემებს და პროექტებს. ეს მხოლოდ ჩემი უაზრო მიზეზებია, აი, 2 ფაქტი კი ნამდვილად სწორია და მინდა თქვენც იცოდეთ:

  1. მთელი ღამე ფხიზლად ყოფნის დროს ადამიანის სხეული წვავს 161 კალორიას. ( არ დავიძინოთ და ვიყოთ მუდმივად ფორმაში! :D )
  2. ის ადამიანები, რომლებიც გვიანობამდე არ იძინებენ უფრო ინტელექტუალურები არიან ვიდრე ისინი, ვინც ადრე იძინებენ და ადრე იღვიძებენ.

ყოველივე ამის შემდეგ მგონი მაქვს მიზეზი იმისთვის, რომ არ დავიძინო გვიანობამდე. სულ მიკვირდა, როგორ ათენებდნენ ბლოგერები ღამეებს თემებისთვის, მაგრამ დავიჯერე ამ რამდენიმე დღის წინ, როცა ღამის 3 საათზე ვცადე პოსტის დაწერა. რა დამეხმარება იმაში რომ ღამით არ დამეძინოს? ყავა – ჩემი უერთგულესი მეგობარი. მაგრამ fuuuck, არ უნდა დამავიწყდეს, რომ ადამიანი დაუძინებლად მხოლოდ 48 საათი ძლებს. მართალია, ღამეების თენებას მხოლოდ არდადეგებზე ვაპირებ, მაგრამ დღეს პარასკევია და ამაზე ფიქრით ტვინის გამოსაჭედად საკმაოდ დიდი დრო მაქვს.

მიყვარს პარასკევი! მიყვარს გვიანობამდე სიფხიზლე და მიყვარს დილის ძილი!


17 Comments

მიდი, ჰკითხე ალისას

Image

დღეს მინდა ვისაუბრო წიგნზე, რომელსაც არ დაუპყრია სრულიად ბლოგოსფერო და ბევრისთვის უცნობიც არის. ასე რომ, ვეცდები არ „ვისპოილერო“ და წინასწარ არ გავთქვა ყველაფერი.

მიდი, ჰკითხე ალისას“ 70-იან წლებში მცხოვრები ნარკომანი გოგონას დღიურია, ჩვენ არ ვიცით ამ წიგნის პერსონაჟის პროტოტიპი ერთი ადამიანია თუ რამდენიმე, გაურკვეველია მისი სახელი და გვარი, თუმცა ნათელია ყველაზე საინტერესო დეტალები. ეს ნაწარმოები ნამდვილად ვერ გადაჭრის ნარკომანიის პრობლემას, მაგრამ დაგვაფიქრებს და შეიძლება გარკვეული დასკვნებიც გაგვაკეთებინოს. მოკლედ, წიგნში კარგად არის გამოხატული პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს 13-დან 19 წლამდე ანუ ასახულია მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, მეგობრების გარეშე ყოფნისგან გამოწვეული სევდა, თინეიჯერული სიყვარული, წამალდამოკიდებულება და საკუთარი თავის დამარცხების მცდელობა. „ალისა“ არის გოგონა, რომელიც შემთხვევით ააცდინეს გზას და მთელი ცხოვრება დაუნგრიეს. ამ პერსონაჟში მომწონს ის, რომ მუდამ ცდილობდა ჭეშმარიტებისკენ გადახვევას და გამოჯანმრთელებას, არ მოსწონდა ის რასაც აკეთებდა და სიბინძურედ ეჩვენებოდა, ჰქონდა ოცნებები ანუ ცხოვრება საყვარელ ადამიანთან ერთად, სოციოლოგიაში გარკვევა და მორალურად დახმარება იმ ბავშვებისა, რომლებზეც საკუთარი გამოცდილების გამო გული შესტკიოდა. რა არ მომწონს ამ პერსონაჟში? არ მომწონს, ის რომ ყველა თინეიჯერივით ფეხებზე იკიდებს მშობლების აზრს, არადა ამ შემთხვევაში დედამისი ყოველთვის სწორ რჩევებს აძლევდა. გული მწყდება იმაზე, რომ ვერ მოახერხა საკუთარი თავის დამარცხება.

არ მიყვარს უზარმაზარი თემების წერა, ამიტომ ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ვიტყვი ერთს. ჩემი დიდი სურვილია გავარკვიო რა მოხდა „ალისას“ უკანასკნელი ჩანაწერიდან იქამდე, რაც ეპილოგში წერია. მაინტერესებს, როგორ შეიცვალა ყველაფერი ასე რადიკალურად. ამისთვის კი ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო. უნდა გავესაუბრო ბეატრის სპარკსს, სანამ მომკვდარა, რადგან ის არის ფსიქიატრი და დღიურიც სწორედ მან გამოსცა თავისი პაციენტის მონათხრობის საფუძველზე. თუ ბეატრისი მოკვდა ალინ პეის ნილსენს მაინც გავესაუბრები, ის ჟურნალისტია და ბევრი რამ იცის, რადგან წიგნის ავტორისგან ინტერვიუ აქვს აღებული. ასე რომ, მზად ვარ ბევრ რამეზე წასასვლელად იმის სანაცვლოდ, რომ ბოლოს და ბოლოს “მივიდე და ვკითხო ალისას”.


5 Comments

შეწყვეტთ ძველი და ახალი თაობების შედარებას?!

Image

ხშირად გესმით სიტყვები „ჩვენ დროს ამას ვინ გაბედავდა“ ან „ჩვენ დროს სხვანაირად იყო“? ამ ფრაზების ავტორები ჩვენი მშობლები არიან. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ დროს გოგონებს შედარებით კონსერვატიულად ეცვათ, ბიჭებისკენ არ იხედებოდნენ, მხოლოდ სწავლაზე ფიქრობდნენ, უფროსებს არ ეტლიკინებოდნენ. ერთი სიტყვით და მრავალი გაგებით, ისინი ზრდილობიანები და კულტურულები ყოფილან. ჩვენს თაობაში თურმე ყველა გარყვნილია, ტანზე არაფერი აცვიათ, გოგონები მუდამ ბიჭებზე ფიქრობენ, სწავლა ფეხებზე კიდიათ, მშობლებს ეპასუხებიან, მასწავლებლებს არ ემორჩილებიან ანუ საბოლოო ჯამში ზარმაცები და უზრდელები არიან.

თქვენ გინდათ დამაჯეროთ, რომ ადრე ყველა კლდემამოსილი იყო?

თქვენ გინდათ დამაჯეროთ, რომ ადრე ყველა მუხლებამდე სიგრძის კაბით დადიოდა?

თქვენ გინდათ დამაჯეროთ, რომ ადრე არავინ იხედებოდა ბიჭებისკენ?

და იმის დამტკიცებასაც ხომ არ ცდილობთ, რომ ზრდილობა არავის აკლდა?

ნუთუ, დღეს არ დადიან გოგონები, რომლებიც იმ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდნენ, რომელიც „ძველი თაობის ხალხის განმარტებაში ვახსენე?

ეს ყველაფერი აბსურდია. ქვეყანა ვითარდება, თუმცა ხალხის აზროვნება ძალიან მცირედით იცვლება. შეიძლება მოხდეს ღირებულებების გადაფასება, აი სტერეოტიპები კი უცვლელი რჩება. ბრბო ყოველთვის სასტიკი იყო, არის და იქნება! ამაში ორი აზრი არ არის. ის ყველას გამოუძებნის რაღაცას გასაკრიტიკებლად, ყოველთვის დაიწუნებს ახალს და იმის ნაცვლად, რომ მომავალში დაიწყოს ყურება, ეცდება უკვე განვლილში „გამოჩხრიკოს“ ვითომ „ტკბილი წარსული“.

ძვირფასო მშობლებო,

გთხოვთ შეწყვიტეთ თქვენი და ჩვენი თაობების შედარება!

ჩვენ თინეიჯერები ვართ! გახსოვდეთ, თქვენც იყავით თინეიჯერები. :))


7 Comments

ქუჩის დღიურები 2

Image

თენდება… ვიღვიძებ, დიდი სისწრაფით ვიცვამ რაც ხელში მხვდება, ყავას ვსვამ და ქუჩაში გავდივარ მორიგი გასეირნებისთვის. კვლავ ადამიანებზე ვაპირებ დაკვირვებას. მინდა ბოლომდე შევისწავლო რაც შეიძლება მეტი ტიპაჟი. ჰოდა, ახლაც ჩემი სახლიდან გამომავალ ბილიკზე ვდგავარ და ვფიქრობ, საით წავიდე. ძალიან შორს ჩანს გოგონა.

„ახალი დაკვირვების ობიექტი“ -ვფიქრობ მე.

სასწაფოდ უახლოეს სკამზე ვჯდები და გოგონას „შესწავლას“ ვიწყებ. აცვია ისე, როგორც ტიპიურ თინეიჯერს ანუ ტყავის ქურთუკი, ჯინსი და კეტები, არადა ვაკვირდები და სხვა სტილი უფრო მოუხდება. წარმოვიდგინე მასზე პიჯაკი და აშკარად მომწონს. ვარცხნილობას ვერ დავუწუნებ. ახლა ვცდილობ ღრმად ჩავწვდე გოგონას სულიერ სამყაროს. მისი ნაბიჯები დამაჯერებელია, ის სამართლიანი და მებრძოლი ჩანს. თავი ზემოთ აქვს აწეული, მოკლედ, საკუთარი აზრის სისწორეში დარწმუნებულია და პირდაპირია. ერთ რამეს კი ვერ ვკითხულობ მის სახეზე – მხიარულია თუ სერიოზული. რადგან არ ეტყობა, ალბათ, მომენტზეა დამოკიდებული. მხოლოდ ახლა ვხედავ მის მაისურზე წარწერას: „Me, Myself and I. Egoist? Are you fucking kidding me?“. ზედ რომ არ ეწეროს, მის ამ თვისებას ნამდვილად ვერ შევნიშნავდი. შეიძლება არც არის ეგოისტი, უბრალოდ ჰგონია, რომ ასეა. მთელი ამ ხნის მანძილზე მიმიკა არ შეცვლია ანუ გაწონასწორებულია, მაგრამ ეს რა ხდება?ტროტუარზე ჯდება, მაგრამ უცებ, ვიღაცას ხედავს, უფრო სწორად, ვიღაცებს და მათკენ ძალიან, ძალიან ბედნიერი სახით, სწრაფად გარბის. ეს ვიღაცები აშკარად მისი სულის ორი ტყუპისცალია. ტიპიური თინეიჯერი აღარ არის, უკვე განსხვავდება დანარჩენი საზოგადოებისგან.

სახლში დაბრუნებას ვწყვეტ. ადრეა, მაგრამ „დღის გეგმა“ მალე შევასრულე და დასვენებას ვიმსახურებ. პიცას ვუკვეთავ, მის ლოდინში თავს ვერ ვამარცხებ და ცოტა შოკოლადს ვჭამ.


2 Comments

კრისტინა ანუ კინოვოიაჟის დროს აღმოჩენილი საკუთარი თავი

Image
ვინმე დაკვირვებიხართ ავატარს ჩემს ბლოგზე, მარჯვენა მხარეს? ზოგიერთი თქვენგანი ალბათ, მიხვდება, რომ ეს სკარლეტ იოჰანსიონია, ზოგი იმასაც მიხვდება, რომ ეს სკარლეტის გმირია ფილმიდან „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“. რა დატვირთვა აქვს ამ ფოტოს ჩემთვის? კრისტინაში ვხედავ ჩემ თავს, ჩვენი აზრები ერთმანეთის იდენტურია. ვერ აღვწერ იმ გრძნობას, რომელიც მაშინ მეუფლება, როცა რომელიმე კინოპერსონაჟში საკუთარ თავს აღმოვაჩენ ხოლმე, თუმცა კრისტინას თვისებებმა ყველა მანამდე ნანახი ტიპაჟი გადაფარა. ის არის „მე“ და მე ვარ „ის“, ჯამში კი 2 სხვადასხვა ადამიანი საერთო ხედვებით.

მეც, ისევე როგორც კრისტინას, ხშირად მიჩნდება კითხვები ცხოვრების შესახებ და ვერასოდეს ვიღებ სრულ პასუხს. ჩვენ, ორივე ვფიქრობთ, რომ არ გაგვაჩნია არავითარი ნიჭი. მე ხომ ჩვეულებრივი, სტატისტიკური ადამიანი ვარ, არაფრით გამორჩეული? მე და ამ კინოპერსონაჟს შეგვიძლია შევაფასოთ ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში, გვიყვარდეს მუსიკა, მაგრამ სამწუხაროდ, არ შეგვიძლია ამგვარი გზებით საკუთარი ემოციების გამოხატვა. მან არ იცის რა უნდა და ძიების პროცესშია. მეც ვერ მიპოვნია თავი და არ ვიცი რას მოვითხოვ ცხოვრებისგან. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რაც არ გვინდა, მაგრამ თუ მაინც როდესმე ვხვდებით ჩვენს სურვილს, ამას პირდაპირ არასოდეს ვამბობთ. ის ერთი შეხედვით გრძნობებს აყოლილი გოგოა, თუმცა უკვე აღვნიშნე, რომ ბევრს ფიქრობს და ამარცხებს გრძნობებს. მის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს სიყვარულს, თუმცა ნათელია, რომ ყველაზე ძვირფასი მეგობრობაა. ამის შემხედვარე, იმედი მაქვს, რომ ყოველთვის ვიქნები გრძნობებზე ძლიერი, სხვას ზიანს არ მოვუტან, კრისტინასგან ავიღებ დადებით თვისებებს, ხოლო უარყოფითებს გამოვასწორებ და შევქმნი ახალ პერსონაჟს სახელად „მე“.


%(count)s კომენტარი

Happy Birthday To Me

Image

დრო სწრაფად გადის, ძალიან სწრაფად. ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ მას, წლებს გვამატებს და ჩვენც უნდა ავიტანოთ ეს.

როდის ვხვდები, რომ ვიზრდები? ეს წელიწადში ერთხელ ხდება, ჩემს დაბადების დღეზე.

რას ნიშნავს ჩემთვის დაბადების დღე? ზუსტად ერთი წლით გაზრდას, სულ ცოტათი ჭკუის მომატებას, ცოტათიც გემოვნების შეცვლას, ერთი ნაბიჯით მიახლოებას სრულწლოვნებამდე და ახალ შანსს რომელიმე სურვილის ასრულებისა.

რის გამო მიყვარს ეს დღე? მიყვარს მილოცვების, საყვარელი ადამიანების გულიდან წამოსული თბილი სიტყვების, საჩუქრების, სახლის თავზე დამხობის და 1 წამის გამო. რომელი წამის? იმ წამის, როდესაც ტორტზე სანთლების ჩაქრობის წინ სურვილი უნდა ჩაიფიქრო. ეს მომენტი ბავშვობას მახსენებს, ტკბილ ბავშვობას, მხიარულებას და ჟრიამულს, იმიტომ, რომ ერთი შეხედვით ეს სისულელეა, ზოგადად ხომ ყველაფერი სისულელეა, რაც ბავშვობაში გვჯეროდა? ხოდა სურვილის ასრულებაც ერთ-ერთი მორიგი სისულელეა, თუმცა მე მას ყოველ დაბადების დღეზე ბეჯითად ვასრულებ და არასოდეს ვარღვევ. უცებ, ისევ საწყისში დავბრუნდი.. დროზე ვსაუბრობდი.

დრო მირბის, ის ვერც ვერავის უსწრებს და ვერც ვერავინ ასწრებს მას.

ხვალ 23 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი დაბადების დღეა :))


%(count)s კომენტარი

იდეალური “მე”

Image

როგორი წარმომიდგენია იდეალური „მე”? -სრულყოფილი. გაუგებარია? მაშინ, ვეცდები, შევადარო იდეალური თამო რეალურს.

რეალურ თამოს აფერისტობა არ შეუძლია, იდეალურს – უნდა შეეძლოს(ხშირად ეგეც საჭიროა).

რეალურ თამოს ბევრი ვერ იტანს, იდეალურსაც ჰყავს მტრები, თუმცა ნაკლები რაოდენობით.

რეალურ თამოს არ შეუძლია ემოციების მოთოკვა, იდეალური – საჭირო დროს, სახეზე გაკვირვებას, სიბრაზეს და ზიზღს არ იმჩნევს.

რეალურმა თამომ შეიძლება საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დედამიწის ყველა მოსახლე გაწიროს, იდეალურს კი მაგრად კიდია ვინ გაამართლებს და ვინ – არა.

რეალური თამო თითქმის ვერავის ენდობა, იდეალური ენდობა ვისაც საჭიროა.

რეალური თამო ზედმეტად გულწრფელი და პირდაპირია, იდეალური მალავს რასაც საჭიროა.

რეალური თამო ძალიან მოუთმენელია, იდეალურს – რკინის ნერვები აქვს.

და ბოლოს, რეალურ და იდეალურ თამოსაც აქვთ საერთო თვისებები. ორივე არის აქტიური, თავისუფლების მოყვარული და კომუნიკაბელური. მართალია, სრულყოფილებამდე ბევრი მაკლია, თუმცა ცოტაც რომ მაკლდეს მაინც ვერასოდეს მივაღწევ მას და თუ მაინც შევძლებ, მაშინ საკუთარ „მეს“ დავკარგავ. ყველა თვისება, რომელიც იდეალურ თამოს აქვს, არც თუ ისე მაღალი იდეალებია, მაგრამ რამდენადაც არ უნდა  ვეცადო, მაინც ვერ შევისისხლხორცებ, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა.