floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


5 Comments

23 DEEP ASS Questions!

1. რომელი უფრო რთულია შენთვის, უყურო ვინმეს თვალებში, როცა ეუბნები რას გრძნობ თუ უყურო ვინმეს თვალებში, როცა ის გეუბნება რას გრძნობს?

– ვუყურო თვალებში,  როცა ვინმე მეუბნება რას გრძნობს გაცილებით ძნელია.

2. გაიხსენე როდის გაბრაზდი ბოლოს სერიოზულად. რატომ გაბრაზდი? იგივეს გრძნობ?

– რამდენიმე დღის წინ. სიბრაზე მალე მივლის.

3. მიფრინავ ჰონოლულუდან ჩიკაგომდე. თვითმფრინავის უკანა მხარეს გაჩნდა ცეცხლი. შეგიძლია განახორციელო მხოლოდ ერთი ზარი. ვის დაურეკავ და რას ეტყვი?

– დავურეკავ დედაჩემს, გადავუხდი მადლობას ყველაფრისთვის, ვეტყვი, რომ მიყვარს და ვთხოვ გადასცეს ჩემს საუკეთესო მეგობრებს, რომ ვგიჟდები მათზე.

4. ხარ ექიმთან ვიზიტზე და მან გითხრა, რომ მხოლოდ 1 თვე დაგრჩა. ეტყვი ვინმეს, რომ მალე მოკვდები? რას აპირებ დარჩენილ დღეებში? შეგეშინდება?

– არ ვეტყვი არავის, არ მინდა ვინმეს ამის გამო ვეცოდებოდე. განვახორციელებ ყველაფერს, რაც კი ოდესმე ჩამიფიქრებია, არ ვინანებ არცერთ ნათქვამ სიტყვას და ბოლოს, წავალ მეგობრებთან ერთად ლოს-ანჯელესში.

5. შეგიძლია გქონდეს მხოლოდ ერთი – ნდობა ან სიყვარული. რომელს აირჩევ და რატომ?

– რა თქმა უნდა, ნდობას, რადგან სიყვარული ნდობის გარეშე სიყვარული არ არის.

6. მიდიხარ სამსახურში. ქუჩაში ხედავ ძაღლს, რომელიც იხრჩობა არხში. ბოსმა გაგაფრთხილა, რომ თუ კიდევ ერთხელ დააგვიანებ, სამსახურიდან დაგითხოვს. დაკარგავ დროს ძაღლის გადასარჩენად? რატომ?

– ვთხოვ სხვას, რომ აუცილებლად დაეხმაროს, არა იმიტომ, რომ სამსახურში მაგვიანდება, არამედ იმიტომ, რომ ძაღლებს ვერ ვეკარები(თუმცა სამსახურის ფაქტორიც არის).

7. რომელი გირჩევნია გატკინოს გული მან ვისაც ენდობი თუ მან ვინც ყველაზე მეტად გიყვარს?

– უკეთესია, მატკინოს გული მან, ვინც მიყვარს.

8. საუკეთესო მეგობარი გულახდილად გეუბნება, რომ მისი გრძნობები შენ მიმართ მეგობრობაზე მეტია. რას ეტყვი?

– ოჰო.. საუკეთესო მეგობარს ნამდვილად ვერ შეველევი ამის გამო. ვწუხვარ, ტექსტი წინასწარ არ ვიცი.

9. გაიხსენე ბოლო ადამიანი, რომლის სიკვდილის შესახებაც გაიგე. შენ გაქვს შანსი. რომ მისცე მას 1 საათით უკან დაბრუნების საშუალება, მაგრამ უნდა გასწირო შენი სიცოცხლის 1 წელი. გააკეთებდი ამას? რატომ?

– ბოლო ადამიანი ვისი სიკვდილის შესახებაც გავიგე ჩემი ნაცნობიც კი არ იყო, ამიტომ გამიჭირდება 1 წლის დათმობა.

10. ხარ ისეთი მეგობარი, როგორსაც შენ ისურვებდი რომ გყოლოდა?

– კი.

11. Love=Sex. ეთანხმები თუ არა?

– არანაირად.

12. შენი ბოსი ეუბნება შენს თანამშრომელს, რომ უნდა გაათავისუფლოს შემცირებების გამო. ის ახალი აყვანილია სამსახურში, შენ დიდი ხანია მუშაობ. თანამშრომელს ჰყავს ოჯახი და მისი ხელფასი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მიხვალ ბოსთან და შესთავაზებ, რომ მის მაგივრად შენ გაგიშვას სამსახურიდან?

– თანახმა ვიქნები, რომ ჩემი ხელფასი ორივეს თანაბრად გაგვიყოს, თუმცა სამსახურის დათმობა გამიჭირდება, მითუმეტეს თუ ეს ჩემი კარიერის დასასრული იქნება.

13. როდის და ვის უთხარი ბოლოს, რომ გულგრილი ხარ მის მიმართ? რთული იყო?

– სიმართლე, რომ ვთქვა არ მახსოვს.

14. რომელი უფრო რთულია შენთვის, უთხრა საწინააღმდეგო სქესის ადამიანს, რომ გიყვარს თუ გაისტუმრო უარით, როცა მას უყვარხარ?

– უფრო რთულია სიყვარულში გამოტყდომა.

15. როგორ ფიქრობ რას/ვის შეელევი ყველაზე ძნელად? რატომ გეძნელება მისი დაკარგვა?

– მეგობრებს. მათ გარეშე ყოფნა ყველაზე საშინელი რამეა.

16. რომანტიული სიყვარულის გარდა ბოლოს ვის უთხარი, რომ გიყვარს?

– რამდენიმე წუთის წინ დედას.

17. რომ შეგეძლოს გასული თვის ერთი რომელიმე მომენტის შეცვლა, რას შეცვლიდი და რატომ?

– გასულ თვეში არაფერს. უფრო დიდ დროზე რომ ვრცელდებოდეს რაღაცებს ნამდვილად შევცვლიდი.

18. უსახლკარო ადამიანი რომ კვდებოდეს, ჩაუტარებდი მას ხელოვნურ სუნთქვას? რატომ?

– ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ.

19. შენ გიჭირავს გამზრდელი ბებიის და ახალდაბადებული ჩვილის ხელები. ერთერთს უნდა გაუშვა ხელი და გადაიჩეხება კლდეზე. რომელს გაიმეტებდი სასიკვდილოდ? რამ ითამაშა დიდი როლი გადაწყვეტილების მიღებაში?

– Killer Question !

20. ძველმოდური ხარ?

– არა, ასე არ ვთვლი.
21. როდის მოხდა ბოლოს, რომ შენ ვინმეს თბილად მოექეცი და მისგან საპასუხო ვერაფერი იგრძენი?

– არ მახსენდება.

22. რომელს აირჩევდი ნამდვილ სიყვარულს გულის გატეხვის გარანტიით თუ საერთოდ არ შეყვარებას?

– პირველ ვარიანტს. ჯობია გამოცადო და გული გაგიტყდეს, ვიდრე მთელი ცხოვრება ისე დარჩე.

23. ერთი სურვილის ასრულება რომ შეგეძლოს, რას ჩაიფიქრებდი?

– ჩავიფიქრებდი წარმოსახვის აღმბეჭდავის გამოგონებას. ამ გზით დიდებული ფოტოგრაფი ვიქნებოდი.

სულ ეს იყო ჩემ მიერ პასუხგაცემული 23 DEEP ASS Questions. ახლა თქვენი ჯერია, გაეცით პასუხი იმ კითხვებს, რომელიც მოგეწონათ.


5 Comments

გოგონა, რომელიც ძლიერ ჰგავს პეპის

ეს-ეს არის მილენიუმის საგის უკანასკნელი წიგნი დავხურე. ჩემდა სამწუხაროდ, დავასრულე ლიზბეთ სალანდერის თავგადასავლები. მის სამყაროში შარშან შევაბიჯე და ერთი წიგნის წაკითხვიდან მეორემდე ინტერესი მკლავდა. საბოლოო ჯამში, სტიგ ლარსონის ტრილოგიამ 2 კვირა წამართვა. რა თქმა უნდა, სიტყვა „წამართვას“ დადებითი დატვირთვა აქვს, რადგან არ ყოფილა წამი, როდესაც წიგნის სიუჟეტი უაზრო მომჩვენებოდა.

აქ ყველა მნიშვნელოვანი მოქმედება შვედეთში ხდება. ვინაიდან ტრილოგიის სამივე ნაწილში ერთდროულად რამდენიმე სიუჟეტური ხაზი ვითარდება, მათი სათითაოდ აღწერა არ ღირს. ვისაც ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ლარსონის საგა, მოკლე შინაარსისთვის თვალის გადავლება თქვენთვის მომინდვია. ძალიან შთამბეჭდავია ტექსტები რომელიც სამივე წიგნს აქვს წამძღვარებული და მეტწილად ფემინისტურია. წიგნის მთავარი სათქმელის დიდი ნაწილი სწორედ ამ წამძღვარებებითაა გადმოცემული. პირველი ნაწილი არის სისხლიანი, მეორე – დამაინტრიგებელი, ხოლო მესამე – ყველაზე სერიოზული. „გოგონა დრაკონის ტატუთი“, გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა“ და „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“ მრავლად მოიცავს მკვლელობებს, ძალადობის ამსახველ დეტალებს, თაღლითობის მაგალითებს, ჯაშუშობას და მრავალ სხვა კანონდარღვევას. სტიგ ლარსონი არ იცავს კლასიკური დეტექტივებისთვის დამახასიათებელ წესებს. აქ დეტექტიური სიუჟეტების გარდა სხვა მოვლენებიც ვითარდება. ჩვენ საშუალება გვეძლევა გავიგოთ ზოგიერთი ჟურნალის სარედაქციო ამბები, ეჭვმიტანილების, ჟურნალისტების, გამომძიებლების თუ სხვათა პირადი ცხოვრების დეტალები და ა.შ. ლარსონის დეტექტივს სხვა დეტექტივებისგან თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის დიდი დატვირთვის მინიჭებაც გამოარჩევს. მის ტრილოგიაში ინტერნეტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ბოლოს, ყველაზე მთავარი – პერსონაჟების ურთიერთობები. როგორც უკვე აღვნიშნე, მათ პირად ცხოვრებას წიგნში დიდი ადგილი ეთმობა. გარდა ამისა, ისინი ერთმანეთთან სხვადასხვა ჯაჭვებით არიან დაკავშირებული. ბევრი რომ არ ვილაპარაკო თანდათან რეცენზია მათი დახასიათებისკენ მიმყავს.

პირველი მთავარი გმირი ლიზბეთ სალანდერია. ის არის ახალგაზრდა ჰაკერი, უამრავი პირსინგითა და ტატუთი, ასოციალური გოგო, თუმცა თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. მისი ცხოვრების აღწერას რომ არ მივყვე და წიგნიდან მნიშვნელოვანი დეტალები არ გავამჟღავნო მხოლოდ მისი დახასიათებით შემოვიფარგლები. სალანდერი ძალიან თავისუფალი თუმცა არაგულწრფელი გოგოა, ამავდროულად, უშიშარი და სამართლიანობისთვის მებრძოლი. ადამიანი, რომელთან დასაკავშირებლადაც საკმარისია word-ის ფაილი გახსნა და სასურველი ტექსტი აკრიბო. დარწმუნებული იყავი, რომ ლიზბეთი აუცილებლად წაიკითხავს, თუმცა სიტყვაძუნწობის გამო შეიძლება პასუხის ღირსად არ ჩაგთვალოს. ტრილოგიას ლაიტმოტივად მიჰყვება ის, რომ სალანდერი ძალიან ჰგავს ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოების პერსონაჟს – პეპის. ჩემს ყურადღებას სამივე ნაწილში ლიზბეთის სლოგანიანი მაისურები იპყრობს, რომლებიც ძალიან ორიგინალურად გადმოსცემს გოგონას ფიქრებს. წიგნს მეორე მთავარი პერსონაჟიც ჰყავს, რომელიც ლიზბეთთან ერთად იბრძვის სიმართლის დასადგენად და გამოსააშკარავებლად. ეს ჟურნალისტი მიქაელ ბლუმკვისტია. მისი პროტოტიპიც ასტრიდ ლინდგრენის შექმნილია და კალე ჰქვია. არ ვიცი რომელი პერსონაჟი უფრო მომწონს, თუმცა ის ვიცი რომ მიკე ძალიან „მაგარი ტიპია“, ლიზბეთის და მიქაელის ურთიერთობა კი ძალიან უცნაური. თუმცა, ისინი ერთმანეთისთვის ნამდვილად არ არიან გაჩენილები. ამ ორი მთავარი გმირის გარდა საგაში კიდევ ბევრი პერსონაჟია, რომლებზეც ყურადღების გამახვილება ღირს, მაგალითად: ნაძირალა ალექსანდერ ზალაჩენკო, ჟურნალ მილენიუმის მთავარი რედაქტორი ერიკა ბერგერი, სალანდერის ადვოკატი ანიკა ჯიანინი, მეურვე ჰოლგერ პალმგრენი, ჰაკერების რესპუბლიკის წევრები და მრავალი სხვა.

საბოლოო ჯამში, დამაინტრიგებელი, ჩახლართული სიუჟეტი და საინტერესო პერსონაჟები ქმნიან დიდებულ ტრილოგიას. ეს არის ერთადერთი წიგნი, რომლის ხელმეორედ გადაკითხვასაც მომავალში აუცილებლად ვისურვებ, მიუხედავად მისი დიდი მოცულობისა. არ ვიცი რამდენად გემრიელი რეცენზია გამომივიდა, თუმცა იმედი მაქვს, რომ გადმოვეცი ჩემი დამოკიდებულება და ვინმეს მაინც გავუჩინე მილენიუმის საგის წაკითხვის სურვილი.