floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


9 Comments

Deep inside of me

Image

…სარკესთან მივდივარ. თავს ვაკვირდები და ცვლილებას ვატყობ გამოხედვაში. ყველაზე ემოციურმა ერთმა კვირამ ჩაიარა. ერთდროულად ვგრძნობ ორივეს, რომ სავსეც ვარ და ცარიელიც. ვაანალიზებ წინა დღეებში მომხდარ ამბებს და ვხვდები, რომ ყველაფერი სხვანაირად მეჩვენება.

ის, რაც წუხელ მაწუხებდა, დღეს სასაცილოა.

ის, რაც გუშინ სასიამოვნო იყო, დღეს გაუფასურდა.

უცნაურია. რიგრიგობით ვრთავ ისეთ სიმღერებს, რომლებიც არასდროს მომისმენია. გონებაში მაინც ვყვები ისე, თითქოს ბევრჯერ მომესმინოს. ვხვდები, რომ რაღაცის გამოხატვა მინდა. ოთახის კარს ვკეტავ. მუსიკას ხმას მაქსიმალურად ვუწევ. თვალებს ვხუჭავ და ტანი რიტმს თავისთავად ყვება. ყველაფერს უფრო მძაფრად ვგრძნობ, სიმსუბუქესაც კი. რაღაცისგან ვთავისუფლდები და არაფერი მეჩვენება პრობლემად. მზად ვარ ყველას ყველაფერი ვუთხრა, რასაც ვფიქრობ. თან მსიამოვნებს, რომ ამის საჭიროება არ არის და შემიძლია არაფერი ვაკეთო, გარდა სულელური ფიქრების გათიშვისა. მარტო ვარ, მაგრამ მარტოობას არ ვგრძნობ. ეს მომწონს. გულწრფელად მეღიმება. ვხვდები, ყველაზე მთავარი მოგონებები და გრძნობებია. განსხვავებულ სითბოს ვგრძნობ ყველას მიმართ ვისთანაც ტკბილი მოგონებები მაკავშირებს და მინდა ვაგრძნობინო, როგორ ვაფასებ. მინდა მოვუსმინო ყველას, ვისაც რამის თქმა უნდა. ასეც ვაკეთებ. მერე ვიცვამ და მივდივარ იმათთან, ვისთვისაც ტვინის ბურღი ვარ, რომ ერთად ჩავიდინოთ რამე სულელური…

Advertisements


5 Comments

დაბრუნება!

Image

22 თებერვლიდან, როცა უკანასკნელი პოსტი დავწერე, დღემდე 5 თვე გავიდა. ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე ბლოგის შექმნიდან 22 თებერვლამდე. მართალია პირობა დავდე, რომ წერას არასდროს შევწყვეტდი, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ეს მოხდა და მე მაინც ვაგრძელებ. ვიცი, ბევრ მკითხველს დავკარგავდი, ვინც აქტიურად კითხულობდა ისინიც კი აღარ შემოვლენ ხოლმე, მაგრამ ჩემთვის მაინც დავწერ. რატომღაც, მგონია, რომ ბევრი დამიგროვდა სათქმელი.

ფაქტები, რომლებიც მოხდა 22 თებერვლის შემდეგ და მახსენდება რამდენიმე წამში:

  • დავიწყე ცხოვრება სინანულის გარეშე, რის შემდეგაც მეტი კარგი რამე ხდება.
  • მოვიხსენი შიშები. ვაკეთებ ისეთ რაღაცებს, რასაც ადრე ვერასდროს გავაკეთებდი.
  • ვისწავლე, რომ ძალიან, ძალიან ცოტა რამე თუ ღირს ნერვიულობად.
  • გამიფუჭდა ურთიერთობა ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან.
  • გავიცანი ჩემი ნახევარდა.
  • ვცადე თმის გაღიავება, მაგრამ უშედეგოდ.
  • გადავწყვიტე, რომ სექტემბრიდან მეტად დავიტვირთო.
  • გადავწყვიტე, რომ დავიწყო გერმანულის სწავლა.
  • მივხვდი, რომ შეიძლება ადამიანმა Rock-ის გარდა სხვა მუსიკასაც მოუსმინოს.
  • აღმოვაჩინე რამდენიმე ფილმი, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს ჩემს გულში.
  • დავიწყე დღიურის წერა, მაგრამ უკვე მერამდენედ მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არაა და თავი დავანებე.
  • როგორც იქნა, დაახლოებით მივხვდი რა მინდა ცხოვრებისგან.
  • დავრწმუნდი, რომ მომწონს ჟურნალისტიკა და პოლიტიკა.
  • ქართულის ოლიმპიადის წყალობით მოვხვდი Buckswood-ის საზაფხულო სკოლაში, სადაც იმაზე მეტი გამოცდილება მივიღე, ვიდრე მთელი 15 წლის განმავლობაში.

რა მომცა Buckswood-მა:

  • ნებისყოფა დილით ადრე გასაღვიძებლად
  • ხალისი ისეთი რაღაცების გასაკეთებლად, რაც ადრე დამეზარებოდა
  • დროის განაწილების უნარი
  •  „მუღამი“ იმისთვის, რომ უბრალოდ ვცადო იმის გაკეთება, რაც არ შემიძლია, თუნდაც, წინასწარ ვიცოდე, რომ არ გამომივა
  • გამოცდილება ყველანაირი ტიპის ადამიანთან ურთიერთობაში
  • მომენტები, რომლებიც აღარასდროს განმეორდება
  • ძალიან ძვირფასი ადამიანები სხვადასხვა ქალაქებიდან
  • პატარ-პატარა წვრილმანები, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს

ეს პოსტი არც თუ იმდენად „ჩემეულია“, მაგრამ სხვა რა უნდა დაწერო მაშინ, როცა 5 თვე არ დაგიწერია. და თუ შემთხვევით შემორჩა ვინმე, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, გპირდებით, რომ მომავალში მართლა დავწერ ძველებურ და კიდევ უკეთეს პოსტებს.


5 Comments

23 DEEP ASS Questions!

1. რომელი უფრო რთულია შენთვის, უყურო ვინმეს თვალებში, როცა ეუბნები რას გრძნობ თუ უყურო ვინმეს თვალებში, როცა ის გეუბნება რას გრძნობს?

– ვუყურო თვალებში,  როცა ვინმე მეუბნება რას გრძნობს გაცილებით ძნელია.

2. გაიხსენე როდის გაბრაზდი ბოლოს სერიოზულად. რატომ გაბრაზდი? იგივეს გრძნობ?

– რამდენიმე დღის წინ. სიბრაზე მალე მივლის.

3. მიფრინავ ჰონოლულუდან ჩიკაგომდე. თვითმფრინავის უკანა მხარეს გაჩნდა ცეცხლი. შეგიძლია განახორციელო მხოლოდ ერთი ზარი. ვის დაურეკავ და რას ეტყვი?

– დავურეკავ დედაჩემს, გადავუხდი მადლობას ყველაფრისთვის, ვეტყვი, რომ მიყვარს და ვთხოვ გადასცეს ჩემს საუკეთესო მეგობრებს, რომ ვგიჟდები მათზე.

4. ხარ ექიმთან ვიზიტზე და მან გითხრა, რომ მხოლოდ 1 თვე დაგრჩა. ეტყვი ვინმეს, რომ მალე მოკვდები? რას აპირებ დარჩენილ დღეებში? შეგეშინდება?

– არ ვეტყვი არავის, არ მინდა ვინმეს ამის გამო ვეცოდებოდე. განვახორციელებ ყველაფერს, რაც კი ოდესმე ჩამიფიქრებია, არ ვინანებ არცერთ ნათქვამ სიტყვას და ბოლოს, წავალ მეგობრებთან ერთად ლოს-ანჯელესში.

5. შეგიძლია გქონდეს მხოლოდ ერთი – ნდობა ან სიყვარული. რომელს აირჩევ და რატომ?

– რა თქმა უნდა, ნდობას, რადგან სიყვარული ნდობის გარეშე სიყვარული არ არის.

6. მიდიხარ სამსახურში. ქუჩაში ხედავ ძაღლს, რომელიც იხრჩობა არხში. ბოსმა გაგაფრთხილა, რომ თუ კიდევ ერთხელ დააგვიანებ, სამსახურიდან დაგითხოვს. დაკარგავ დროს ძაღლის გადასარჩენად? რატომ?

– ვთხოვ სხვას, რომ აუცილებლად დაეხმაროს, არა იმიტომ, რომ სამსახურში მაგვიანდება, არამედ იმიტომ, რომ ძაღლებს ვერ ვეკარები(თუმცა სამსახურის ფაქტორიც არის).

7. რომელი გირჩევნია გატკინოს გული მან ვისაც ენდობი თუ მან ვინც ყველაზე მეტად გიყვარს?

– უკეთესია, მატკინოს გული მან, ვინც მიყვარს.

8. საუკეთესო მეგობარი გულახდილად გეუბნება, რომ მისი გრძნობები შენ მიმართ მეგობრობაზე მეტია. რას ეტყვი?

– ოჰო.. საუკეთესო მეგობარს ნამდვილად ვერ შეველევი ამის გამო. ვწუხვარ, ტექსტი წინასწარ არ ვიცი.

9. გაიხსენე ბოლო ადამიანი, რომლის სიკვდილის შესახებაც გაიგე. შენ გაქვს შანსი. რომ მისცე მას 1 საათით უკან დაბრუნების საშუალება, მაგრამ უნდა გასწირო შენი სიცოცხლის 1 წელი. გააკეთებდი ამას? რატომ?

– ბოლო ადამიანი ვისი სიკვდილის შესახებაც გავიგე ჩემი ნაცნობიც კი არ იყო, ამიტომ გამიჭირდება 1 წლის დათმობა.

10. ხარ ისეთი მეგობარი, როგორსაც შენ ისურვებდი რომ გყოლოდა?

– კი.

11. Love=Sex. ეთანხმები თუ არა?

– არანაირად.

12. შენი ბოსი ეუბნება შენს თანამშრომელს, რომ უნდა გაათავისუფლოს შემცირებების გამო. ის ახალი აყვანილია სამსახურში, შენ დიდი ხანია მუშაობ. თანამშრომელს ჰყავს ოჯახი და მისი ხელფასი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მიხვალ ბოსთან და შესთავაზებ, რომ მის მაგივრად შენ გაგიშვას სამსახურიდან?

– თანახმა ვიქნები, რომ ჩემი ხელფასი ორივეს თანაბრად გაგვიყოს, თუმცა სამსახურის დათმობა გამიჭირდება, მითუმეტეს თუ ეს ჩემი კარიერის დასასრული იქნება.

13. როდის და ვის უთხარი ბოლოს, რომ გულგრილი ხარ მის მიმართ? რთული იყო?

– სიმართლე, რომ ვთქვა არ მახსოვს.

14. რომელი უფრო რთულია შენთვის, უთხრა საწინააღმდეგო სქესის ადამიანს, რომ გიყვარს თუ გაისტუმრო უარით, როცა მას უყვარხარ?

– უფრო რთულია სიყვარულში გამოტყდომა.

15. როგორ ფიქრობ რას/ვის შეელევი ყველაზე ძნელად? რატომ გეძნელება მისი დაკარგვა?

– მეგობრებს. მათ გარეშე ყოფნა ყველაზე საშინელი რამეა.

16. რომანტიული სიყვარულის გარდა ბოლოს ვის უთხარი, რომ გიყვარს?

– რამდენიმე წუთის წინ დედას.

17. რომ შეგეძლოს გასული თვის ერთი რომელიმე მომენტის შეცვლა, რას შეცვლიდი და რატომ?

– გასულ თვეში არაფერს. უფრო დიდ დროზე რომ ვრცელდებოდეს რაღაცებს ნამდვილად შევცვლიდი.

18. უსახლკარო ადამიანი რომ კვდებოდეს, ჩაუტარებდი მას ხელოვნურ სუნთქვას? რატომ?

– ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ.

19. შენ გიჭირავს გამზრდელი ბებიის და ახალდაბადებული ჩვილის ხელები. ერთერთს უნდა გაუშვა ხელი და გადაიჩეხება კლდეზე. რომელს გაიმეტებდი სასიკვდილოდ? რამ ითამაშა დიდი როლი გადაწყვეტილების მიღებაში?

– Killer Question !

20. ძველმოდური ხარ?

– არა, ასე არ ვთვლი.
21. როდის მოხდა ბოლოს, რომ შენ ვინმეს თბილად მოექეცი და მისგან საპასუხო ვერაფერი იგრძენი?

– არ მახსენდება.

22. რომელს აირჩევდი ნამდვილ სიყვარულს გულის გატეხვის გარანტიით თუ საერთოდ არ შეყვარებას?

– პირველ ვარიანტს. ჯობია გამოცადო და გული გაგიტყდეს, ვიდრე მთელი ცხოვრება ისე დარჩე.

23. ერთი სურვილის ასრულება რომ შეგეძლოს, რას ჩაიფიქრებდი?

– ჩავიფიქრებდი წარმოსახვის აღმბეჭდავის გამოგონებას. ამ გზით დიდებული ფოტოგრაფი ვიქნებოდი.

სულ ეს იყო ჩემ მიერ პასუხგაცემული 23 DEEP ASS Questions. ახლა თქვენი ჯერია, გაეცით პასუხი იმ კითხვებს, რომელიც მოგეწონათ.


11 Comments

უჩვეულოდ გულწრფელი პოსტი

ხანდახან ადამიანები ისეთ რამეს წერენ, რისი თქმაც ენით არ შეუძლიათ. ვერ ვიტყვი ბლოგი იმისთვის მაქვს, რომ მხოლოდ ის ვწერო რაც მე მაწუხებსთქო, მაგრამ ზოგჯერ მეც მინდა ვთქვა ყველაფერი, რასაც რეალურ ცხოვრებაში არასოდეს ვაღიარებ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გულწრფელი და გახსნილი ვარ, დღეს ბევრ უცნობ ფაქტს გაიგებთ ჩემ შესახებ.

  • ზოგჯერ თავს იმაზე ცუდ ადამიანად ვაჩვენებ ვიდრე ვარ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რაში მჭირდება ხოლმე.
  • ის ფაქტი, რომ ჯერ აზრზე არ ვარ რა პროფესიის უნდა გამოვიდე, იმაზე მეტად მაწუხებს, ვიდრე ამას პირდაპირ გამოვხატავ.
  • სასტიკად მაღიზიანებს, როცა მგონია რომ რამეში ერთადერთი ვარ და ამ დროს ასპარეზზე მეორე ჩემნაირი გამოდის. ეს საფრთხეს უქმნის ჩემს პირველობას.
  • ყოველთვის ვამბობდი, რომ დედაჩემს არაფერს ვუმალავ. ბოლო დროს ვხვდები, რომ ეს ასე არ არის. ამბის მოყოლისას ზოგჯერ მნიშვნელოვან დეტალებს ვტოვებ, მაგრამ არასოდეს ვანაცვლებ მათ ტყუილით.
  • ვთვლიდი, რომ არ მადარდებდა, რას იფიქრებდა სხვა, არადა, ვერ ვიტან როცა ვინმეს არასწორი წარმოდგენა აქვს ჩემზე. პირდაპირ თუ არა, შეფარვით მაინც ვცდილობ, რომ სხვას აზრი შევაცვლევინო.
  • მეგონა, რომ არ ვიყავი ეჭვიანი. როგორც აღმოჩნდა, ხშირად მეპარება ეჭვი ადამიანის ერთგულებაში.
  • ფეხებზე ბევრი რამის დაკიდება არ შემიძლია. ფეხები არც ისე სუსტი მაქვს, უბრალოდ რამეს დაკიდებით ვიღაც ტყუილად გაიხარებს.
  • სხვის უბედურებაზე უფრო მეტს ვტირი, ვიდრე საკუთარზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ვტირი ყოველ მესამე ფილმზე, მაგრამ როდესაც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში მეორდება არც ისე „სუსტი გული“ მაქვს.
  • ყველაზე მეტად არ მინდა იმის აღიარება, რომ კმაყოფილი ვარ აწმყოთი, თუმცა მივტირი წარსულს.
  • არ ვარ შურიანი, თუმცა ვგიჟდები შურისძიებაზე.
  • ვაღიარებ, რომ ჩემგან საუკეთესო ბლოგერი არ დადგება, თუმცა ის დროც მოვა, როცა ცნიბილი ვიქნები ამ საქმიანობით. და ბოლოს, უკვე ოცნებად მექცა პირველი ადგილი Freshly Pressed-ში.

P.S. ბლოგზე არასოდეს ვიტყუები.

P.P.S. შეგიძლიათ, თქვენც დაწეროთ ისეთი რამ, რასაც პირდაპირ არასოდეს აღიარებთ.


12 Comments

ახალი წელი – ახალი გეგმები

newyearr

მომავალ 2013 წელს:

ვისურვებ – ოცნებების ახდენას

შევხვდები – სახლში

დავლევ – კონიაკს

ვიქნები – საყვარელი

ჩავიდენ – სიგიჟეებს

ვიცხოვრებ- მაგრად

გავერთობი – ბოლომდე

შევიყვარებ – ბევრს

შევიძულებ – მეტს

შევინარჩუნებ – მეგობრებს

დავიკიდებ – ყველაფერს

ვიძინებ – შუადღემდე

ვიტირებ – არცერთხელ

ვიცინებ – უსასრულოდ

გავაგრძელებ – ძველებურად

დავწერ – ბევრს პოსტს

გავხდები – ცნობილი ბლოგერი!

და თქვენ რას აპირებთ?


8 Comments

Dear FutureMe!

tumblr_mf2tr3WLlJ1qder5oo1_500_large

გუშინ ღამით გადავწყვიტე, რომ დღეს სკოლა უნდა გამეცდინა. დილით ადრე გამეღვიძა, სადღაც თერთმეტზე. კომპიუტერი ჩავრთე და ერთ-ერთი ბლოგიდან საინტერესო საიტზე აღმოვჩნდი, საიდანაც შეგიძლია წერილი მისწერო შენს მომავალს. ჰოდა, გადავწყვიტე მიმეწერა. ასეც მოვიქეცი და ელ.ფოსტაზე გავიგზავნე. წერილს მე 18.12.2013-ში მივიღებ. საიტს არ ვენდე, წერილი დავაკოპირე და ვორდში საგულდაგულოდ შევინახე. ჩემ თავს აღვუთქვი, რომ 1 წელი ამ ვორდის ფაილს ხელს არ ვახლებდი, მაგრამ პირობა 5 წუთში დავარღვიე. მოკლედ და კონკრეტულად მომავალი მესთვის მიწერილ წერილს თქვენც გიზიარებთ. გპირდებით ჩემ თავს აუცილებლად ვუპასუხებ 1 წლის შემდეგ.

Dear FutureMe,

ახლა როცა ამ წერილს ვწერ საყვარლად თოვს. ფანჯრიდან მხოლოდ სითეთრე ჩანს. იწურება 2012 წელი. თუ ამას კითხულობ ესეიგი უკვე 2013 წელი მთავრდება, შენ კვლავ ამოწმებ იაჰუს და სხვა ელ.ფოსტა არ გაგიხსნია. დარწმუნებული ვარ აღარც გახსოვს ეს სიტყვები რომ დაწერე. თამო, ჩემო მომავალო მე, ძალიან მიყვარხარ!

მინდა რამდენიმე რაღაც გკითხო.

რა გასწავლა 2013-მა წელმა? რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში? საკუთარი თავი იპოვე?

როგორ არიან შენი საუკეთესო მეგობრები? მითხარი რომ  ზუსტად ისეთი ურთიერთობა გაქვს მათთან როგორიც ახლა. ძველი მეგობრები არ დაკარგო, ახლების შეძენასაც გისურვებ.

ჰო, მართლა, ბლოგზე ისევ წერ? გთხოვ, არ შეწყვიტო და არასოდეს დაგეზაროს.

შენ ისევ არანორმალური კინომანიაკი ხარ? გიყვარდეს ფილმები, მაგრამ მათში არ იცხოვრო.

წვიმიანი ამინდი და მაგ დროს ყავის დალევა ისევ გიყვარს? შოკოლადს თუ მაინც გადაეჩვიე?

ვიცი, რომ ისევ ასეთი საყვარელი იქნები.

მიპასუხე იმ კითხვებზეც რაც გამომრჩა. შენ ყველაზე კარგად იცი რა შეიძლება მაინტერესებდეს. დამპირდი, რომ მომიყვები ყველაფერს, მე მაინც მეყვარები.

Sincerely, PastMe.


4 Comments

მალეს მერე…

Image

მალე თოვლი დადნება, ატალახდება. მერე ფანჯრიდან გავიხედავ და უაზრო ამინდის გამო ნერვებმოშლილი შევიძულებ ზამთარს.

მალე ახალი წელი მოვა და მერე ზამთარი ისევ შემიყვარდება.

მალე მომბეზრდება სახლში ყოფნა. მერე გარეთ გავალ.

მალე დაიწყება ქარები, მას წვიმებიც მოყვება. მერე მე კვლავ გავალ გარეთ და წვიმას ვთხოვ არ გადაიღოს.

მალე ყველაფერი გალამაზდება. მერე ეს სილამაზე გაქრება უკვალოდ.

მალე ყველაფერი გაყვითლდება, გასტაფილოსფერდება, გაოქროსფერდება. მერე ისევ მოიცლიან სითეთრე და ყინვა ჩვენთან მოსასვლელად.

მალე ისევ მოთოვს. მერე ყველაფერი თავიდან დაიწყება…

წლები გავა…

ასე იტრიალებს უსასრულოდ სანამ ყველაფერი არ მორჩება. მალე ცხოვრებასაც გავლევ. მერე, ალბათ, ბევრი რამე შეიცვლება. დავიჯერო, ყველაფერი თავიდან დაიწყება?