floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


12 Comments

ახალი წელი – ახალი გეგმები

newyearr

მომავალ 2013 წელს:

ვისურვებ – ოცნებების ახდენას

შევხვდები – სახლში

დავლევ – კონიაკს

ვიქნები – საყვარელი

ჩავიდენ – სიგიჟეებს

ვიცხოვრებ- მაგრად

გავერთობი – ბოლომდე

შევიყვარებ – ბევრს

შევიძულებ – მეტს

შევინარჩუნებ – მეგობრებს

დავიკიდებ – ყველაფერს

ვიძინებ – შუადღემდე

ვიტირებ – არცერთხელ

ვიცინებ – უსასრულოდ

გავაგრძელებ – ძველებურად

დავწერ – ბევრს პოსტს

გავხდები – ცნობილი ბლოგერი!

და თქვენ რას აპირებთ?


8 Comments

Dear FutureMe!

tumblr_mf2tr3WLlJ1qder5oo1_500_large

გუშინ ღამით გადავწყვიტე, რომ დღეს სკოლა უნდა გამეცდინა. დილით ადრე გამეღვიძა, სადღაც თერთმეტზე. კომპიუტერი ჩავრთე და ერთ-ერთი ბლოგიდან საინტერესო საიტზე აღმოვჩნდი, საიდანაც შეგიძლია წერილი მისწერო შენს მომავალს. ჰოდა, გადავწყვიტე მიმეწერა. ასეც მოვიქეცი და ელ.ფოსტაზე გავიგზავნე. წერილს მე 18.12.2013-ში მივიღებ. საიტს არ ვენდე, წერილი დავაკოპირე და ვორდში საგულდაგულოდ შევინახე. ჩემ თავს აღვუთქვი, რომ 1 წელი ამ ვორდის ფაილს ხელს არ ვახლებდი, მაგრამ პირობა 5 წუთში დავარღვიე. მოკლედ და კონკრეტულად მომავალი მესთვის მიწერილ წერილს თქვენც გიზიარებთ. გპირდებით ჩემ თავს აუცილებლად ვუპასუხებ 1 წლის შემდეგ.

Dear FutureMe,

ახლა როცა ამ წერილს ვწერ საყვარლად თოვს. ფანჯრიდან მხოლოდ სითეთრე ჩანს. იწურება 2012 წელი. თუ ამას კითხულობ ესეიგი უკვე 2013 წელი მთავრდება, შენ კვლავ ამოწმებ იაჰუს და სხვა ელ.ფოსტა არ გაგიხსნია. დარწმუნებული ვარ აღარც გახსოვს ეს სიტყვები რომ დაწერე. თამო, ჩემო მომავალო მე, ძალიან მიყვარხარ!

მინდა რამდენიმე რაღაც გკითხო.

რა გასწავლა 2013-მა წელმა? რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში? საკუთარი თავი იპოვე?

როგორ არიან შენი საუკეთესო მეგობრები? მითხარი რომ  ზუსტად ისეთი ურთიერთობა გაქვს მათთან როგორიც ახლა. ძველი მეგობრები არ დაკარგო, ახლების შეძენასაც გისურვებ.

ჰო, მართლა, ბლოგზე ისევ წერ? გთხოვ, არ შეწყვიტო და არასოდეს დაგეზაროს.

შენ ისევ არანორმალური კინომანიაკი ხარ? გიყვარდეს ფილმები, მაგრამ მათში არ იცხოვრო.

წვიმიანი ამინდი და მაგ დროს ყავის დალევა ისევ გიყვარს? შოკოლადს თუ მაინც გადაეჩვიე?

ვიცი, რომ ისევ ასეთი საყვარელი იქნები.

მიპასუხე იმ კითხვებზეც რაც გამომრჩა. შენ ყველაზე კარგად იცი რა შეიძლება მაინტერესებდეს. დამპირდი, რომ მომიყვები ყველაფერს, მე მაინც მეყვარები.

Sincerely, PastMe.


4 Comments

მალეს მერე…

Image

მალე თოვლი დადნება, ატალახდება. მერე ფანჯრიდან გავიხედავ და უაზრო ამინდის გამო ნერვებმოშლილი შევიძულებ ზამთარს.

მალე ახალი წელი მოვა და მერე ზამთარი ისევ შემიყვარდება.

მალე მომბეზრდება სახლში ყოფნა. მერე გარეთ გავალ.

მალე დაიწყება ქარები, მას წვიმებიც მოყვება. მერე მე კვლავ გავალ გარეთ და წვიმას ვთხოვ არ გადაიღოს.

მალე ყველაფერი გალამაზდება. მერე ეს სილამაზე გაქრება უკვალოდ.

მალე ყველაფერი გაყვითლდება, გასტაფილოსფერდება, გაოქროსფერდება. მერე ისევ მოიცლიან სითეთრე და ყინვა ჩვენთან მოსასვლელად.

მალე ისევ მოთოვს. მერე ყველაფერი თავიდან დაიწყება…

წლები გავა…

ასე იტრიალებს უსასრულოდ სანამ ყველაფერი არ მორჩება. მალე ცხოვრებასაც გავლევ. მერე, ალბათ, ბევრი რამე შეიცვლება. დავიჯერო, ყველაფერი თავიდან დაიწყება?