floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


4 Comments

მალეს მერე…

Image

მალე თოვლი დადნება, ატალახდება. მერე ფანჯრიდან გავიხედავ და უაზრო ამინდის გამო ნერვებმოშლილი შევიძულებ ზამთარს.

მალე ახალი წელი მოვა და მერე ზამთარი ისევ შემიყვარდება.

მალე მომბეზრდება სახლში ყოფნა. მერე გარეთ გავალ.

მალე დაიწყება ქარები, მას წვიმებიც მოყვება. მერე მე კვლავ გავალ გარეთ და წვიმას ვთხოვ არ გადაიღოს.

მალე ყველაფერი გალამაზდება. მერე ეს სილამაზე გაქრება უკვალოდ.

მალე ყველაფერი გაყვითლდება, გასტაფილოსფერდება, გაოქროსფერდება. მერე ისევ მოიცლიან სითეთრე და ყინვა ჩვენთან მოსასვლელად.

მალე ისევ მოთოვს. მერე ყველაფერი თავიდან დაიწყება…

წლები გავა…

ასე იტრიალებს უსასრულოდ სანამ ყველაფერი არ მორჩება. მალე ცხოვრებასაც გავლევ. მერე, ალბათ, ბევრი რამე შეიცვლება. დავიჯერო, ყველაფერი თავიდან დაიწყება?

Advertisements


10 Comments

რას გავანადგურებდი და რას დავიტოვებდი

Image

რამდენიმე თვის წინ ვუყურე ფილმს – „10 items or less“. ამის შემდეგ გამიჩნდა იმის სურვილი, რომ მეფიქრა თუ რას მოვსპობდი ჩემს ცხოვრებაში და რას დავიტოვებდი. ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა.

5 რამ, რასაც გავაქრობდი ჩემი ცხოვრებიდან:

1. ტესტირებები

რატომ ვერ ვიტან ტესტირებას? რა თქმა უნდა კარგი საშუალებაა იმის გასაგებად თუ ვინ რა იცის, მაგრამ ჩემთვის ძალიან დამღლელია.

2. სოც. ქსელები

რატომ გავაუქმებდი მათ? იმიტომ, რომ ისინი ძალაუნებურად მართმევენ ძალიან დიდ დროს, მე კი წინააღმდეგობას ვერ ვუწევ. გარდა ამისა, გარესამყაროს გვწყვეტს.

3. ორშაბათი

ორშაბათის გაქრობის იდეა ჩემს საუკეთესო მეგობარს ეკუთვნის და როგორც კი მითხრა მაშინვე ამ იდეის „მიმდევარი“ გავხდი. ვის არ უნდა კვირის ყველაზე საზიზღარი დღის გაქრობა?

4. სტერეოტიპები

მოვსპობდი სტერეოტიპებს, რადგან ყველა მათგანი სრული სისულელეა და უბრალოდ ამ ქვეყანას ამახინჯებს.

5. სიღარიბე

გავაქრობდი გაჭირვებას, შესაბამისად გაჭირვებულ ადამიანებს „გადავაქცევდი“ შედარებით შეძლებულებად.

5 რამ, რასაც დავიტოვებდი:

1.მობილური ტელეფონი

ამ ნივთს გარეშე არ შემიძლია გარეთ გასვლა. ვერ დაიჯერებთ და სახლშიც მუდამ მუდამ მიდევს ჟაკეტისა თუ ხალათის ჯიბეში. ერთი სიტყვით ნომოფობია მჭირს.

2.ფოტოსურათები

დავიტოვებდი ყველა იმ ფოტოს, რომელიც ოდესმე გადამიღია. მოკლედ ვერ გავწირავდი გასაქრობად ჩემი ცხოვრების მოკლე მიმოხილვას სურათების მეშვეობით.

3. Weekends

იქიდან გამომდინარე, რომ „გასაქრობებში“ მესამე პუნქტია ორშაბათი, „დასატოვებლებში“ იგივე ადგილი weekend-ებს ეკუთვნის.

4. ბლოგი

ინტერნეტსივრცეში გავწირავდი ყველაფერს, გარდა ჩემი ბლოგისა, რომელიც ცოტა ხანია შევქმენი, მაგრამ ძალიან შემიყვარდა.

5. ყავა

ყველაფერი რომ დავკარგო ამას მაინც ვერ შეველევი, უფრო ზუსტად ტკბილ ყავას.

ახლა თქვენი ჯერია, დაწერეთ, რას ვერ გაიმეტებდით გასაწირად და რას დატოვებდით “თამაშს გარეთ” თქვენი ცხოვრებიდან.


დატოვე კომენტარი

მე დავაკაკუნებ სამოთხის კარზე!

Image

ტელეფონი რეკავს. არ მინდა ვუპასუხო. ვერც გავთიშავ. ძალაუნებურად მესმის ის მელოდია, რომელიც ზარზე მიყენია. მუსიკას შორს გადავყავარ, ფიქრებთან ერთად.

ასე მგონია, ცოტახანში სამოთხის კარზე დავაკაკუნებ.

თანდათან ღამდება. იქნებ თვალებში მიბნელდება? არა, მართლა ღამდება, ნელა და თითქოს უსასრულოდ. სიცივის მანიშნებელი, ნაცრისფერი, შემზარავი ღრუბელი ჩემკენ ეშვება… დრო იწელება.

მე კი სამოთხის კარზე უნდა დავაკაკუნო.

ჩემგან ყველაფერი წაიღეს, წამართვეს, გამძარცვეს, სულიერად გამაღატაკეს… ვეღარაფერს გამოვიყენებ. იარაღიც წამართვეს, ახლა ვერავის გავუწევ წინააღმდეგობას, ვერ ვესვრი მათ, ვეღარ მოვკლავ და ვეღარც მიწასთან გავასწორებ.

აღარ ვარსებობ, მაგრამ ვინ თქვა, რომ გვირაბი უნდა გამევლო? აქ მხოლოდ უკიდეგანო სივრცეა. უცებ კარის მსგავს რაღაცას ვხედავ. მთელი სისწრაფით გავრბივარ, რომ წარმოდგენები არ დამემსხვრეს.

ესაა სანატრელი სამოთხის კარი! აბა სხვა რა უნდა იყოს? ის-ის არის მუშტს ვიმარჯვებ მთელი სისწრაფით დასაკაკუნებლად რომ რაღაც ძალა უკან მაგდებს. კვლავ მივდივარ და ისევ მაბრუნებს.

ჩემი ადგილი აქ ჯერ არ არის, დაუმსახურებლად ვერ დავისაკუთრებ მას.

ტელეფონის ზარი წყდება. რა აზრი აქვს ოცნებების ხელახლა დაწყებას? ისინი დაიმსხვრა.

ვინ იცის მეორედ ვიპოვნი თუ არა იგივე კარს…

(შთაგონებულია “Guns N Roses”-ის მიერ)


%(count)s კომენტარი

Happy Birthday To Me

Image

დრო სწრაფად გადის, ძალიან სწრაფად. ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ მას, წლებს გვამატებს და ჩვენც უნდა ავიტანოთ ეს.

როდის ვხვდები, რომ ვიზრდები? ეს წელიწადში ერთხელ ხდება, ჩემს დაბადების დღეზე.

რას ნიშნავს ჩემთვის დაბადების დღე? ზუსტად ერთი წლით გაზრდას, სულ ცოტათი ჭკუის მომატებას, ცოტათიც გემოვნების შეცვლას, ერთი ნაბიჯით მიახლოებას სრულწლოვნებამდე და ახალ შანსს რომელიმე სურვილის ასრულებისა.

რის გამო მიყვარს ეს დღე? მიყვარს მილოცვების, საყვარელი ადამიანების გულიდან წამოსული თბილი სიტყვების, საჩუქრების, სახლის თავზე დამხობის და 1 წამის გამო. რომელი წამის? იმ წამის, როდესაც ტორტზე სანთლების ჩაქრობის წინ სურვილი უნდა ჩაიფიქრო. ეს მომენტი ბავშვობას მახსენებს, ტკბილ ბავშვობას, მხიარულებას და ჟრიამულს, იმიტომ, რომ ერთი შეხედვით ეს სისულელეა, ზოგადად ხომ ყველაფერი სისულელეა, რაც ბავშვობაში გვჯეროდა? ხოდა სურვილის ასრულებაც ერთ-ერთი მორიგი სისულელეა, თუმცა მე მას ყოველ დაბადების დღეზე ბეჯითად ვასრულებ და არასოდეს ვარღვევ. უცებ, ისევ საწყისში დავბრუნდი.. დროზე ვსაუბრობდი.

დრო მირბის, ის ვერც ვერავის უსწრებს და ვერც ვერავინ ასწრებს მას.

ხვალ 23 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი დაბადების დღეა :))