floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


9 Comments

Deep inside of me

Image

…სარკესთან მივდივარ. თავს ვაკვირდები და ცვლილებას ვატყობ გამოხედვაში. ყველაზე ემოციურმა ერთმა კვირამ ჩაიარა. ერთდროულად ვგრძნობ ორივეს, რომ სავსეც ვარ და ცარიელიც. ვაანალიზებ წინა დღეებში მომხდარ ამბებს და ვხვდები, რომ ყველაფერი სხვანაირად მეჩვენება.

ის, რაც წუხელ მაწუხებდა, დღეს სასაცილოა.

ის, რაც გუშინ სასიამოვნო იყო, დღეს გაუფასურდა.

უცნაურია. რიგრიგობით ვრთავ ისეთ სიმღერებს, რომლებიც არასდროს მომისმენია. გონებაში მაინც ვყვები ისე, თითქოს ბევრჯერ მომესმინოს. ვხვდები, რომ რაღაცის გამოხატვა მინდა. ოთახის კარს ვკეტავ. მუსიკას ხმას მაქსიმალურად ვუწევ. თვალებს ვხუჭავ და ტანი რიტმს თავისთავად ყვება. ყველაფერს უფრო მძაფრად ვგრძნობ, სიმსუბუქესაც კი. რაღაცისგან ვთავისუფლდები და არაფერი მეჩვენება პრობლემად. მზად ვარ ყველას ყველაფერი ვუთხრა, რასაც ვფიქრობ. თან მსიამოვნებს, რომ ამის საჭიროება არ არის და შემიძლია არაფერი ვაკეთო, გარდა სულელური ფიქრების გათიშვისა. მარტო ვარ, მაგრამ მარტოობას არ ვგრძნობ. ეს მომწონს. გულწრფელად მეღიმება. ვხვდები, ყველაზე მთავარი მოგონებები და გრძნობებია. განსხვავებულ სითბოს ვგრძნობ ყველას მიმართ ვისთანაც ტკბილი მოგონებები მაკავშირებს და მინდა ვაგრძნობინო, როგორ ვაფასებ. მინდა მოვუსმინო ყველას, ვისაც რამის თქმა უნდა. ასეც ვაკეთებ. მერე ვიცვამ და მივდივარ იმათთან, ვისთვისაც ტვინის ბურღი ვარ, რომ ერთად ჩავიდინოთ რამე სულელური…


13 Comments

ნორმალური, ან იქნებ გიჟი ვერონიკა

ვდგავარ ტრანკვილიზატორებით გაჭყეპილი პაციენტებით სავსე პალატაში. ვოცნებობ ჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში ვიყო, მაგრამ ასე არ არის. მე გიჟებს შორის ვარ. მე – ერთადერთი ნორმალური. გარეთ ახალი მთვარეა, სავსეზე მეტად ლამაზი. ამ არანორმალურებს დიდი ხანია ძილი მოერიათ. მხოლოდ ერთს არ სძინავს – ჩემგან ოციოდე საწოლით დაშორებულ გოგონას, რომელიც 24 წლის ძლივს იქნება. პირველად რომ მოიყვანეს აქ, სახტად დავრჩი. ნეტავ, რამ უბიძგა ასეთ ახალგაზრდა და ლამაზ გოგონას სიკვდილისაკენ? დავინახე თუ არა, ჩემი შვილი გამახსენდა. მანაც რომ მსგავსი რამ ჩაიდინოს, ნუთუ გადავიტან? მოგვიანებით გავიგე, რომ ვერონიკა ჰქვია. ლამაზი სახელია… თვითონაც ასეთივეა, მაგრამ მაინც…. სიკვდილს ჩახედა თვალებში. საწყალი დედამისი, ალბათ, როგორ ჯავრობს. გოგონას დღეები დათვლილია. ნეტავ, ახლა რატომ ფხიზლობს? იქნებ იმიტომ, რომ განსხვავდება სხვებისგან? იქნებ სულაც არ არის გიჟი? თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ამათნაირია. მხოლოდ ახლა ვხვდები რომ წიგნში რაც წავიკითხე ვერაფერი გამიგია. მთელი ყურადღება ვერონიკასკენ მქონდა გადატანილი. გოგონა დგება და შეუმჩნევლად ცდილობს გარეთ გასვლას. მე, რა საკვირველია, საწოლში დაბრუნებისაკენ მოვუწოდებ, ის ჩემთან საუბრის გაბმას ცდილობს. თავიდან ვცდილობ არ ავყვე, მერე ისევ მახსენდება რომ ვერონიკა საოცრად გავს ჩემს შვილს და მის მიმართ ლმობიერი ვხდები. ვეუბნები, რომ კარი ჩაკეტილი არ არის, გარეთ გასვლის ნებაც დავრთე. გოგონა ერთიანად ცახცახებს, არ ვიცი ცივა თუ გული აწუხებს. ამ დროს მიმხელს, რომ პიანინოზე დაკვრა უნდა. როგორც კი ჩემგან თანხმობას იღებს, თავს მკერდზე მაყრდნობს და გაუბედავად იწყებს ქვითინს. თანდათან უფრო ემგვანება ჩემს გოგონას. მას სიცოცხლე მოუნდა, მაგრამ გვიანია, ადრევე ჩაკლა საკუთარ თავში საინტერესო და გიჟი ვერონიკა. ფეხზე ვაყენებ და ხელმოხვეულს მიმყავს კარამდე. ვაცილებ. კარს ვხურავ. ამ არანორმალურებს ერთხელ კიდევ ვზვერავ. წიგნს ხელში ვიღებ და კითხვას ვაგრძელებ. დერეფანში ფეხის ხმა წყდება. ვერონიკას თითები პიანინოს კლავიშებს ეხება და მთვარის სონატის ამაღელვებელი მელოდია ჩემამდე აღწევს.

მე – როგორც ექთანი,

პაულო კოელიოს წიგნიდან “ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა


დატოვე კომენტარი

მე დავაკაკუნებ სამოთხის კარზე!

Image

ტელეფონი რეკავს. არ მინდა ვუპასუხო. ვერც გავთიშავ. ძალაუნებურად მესმის ის მელოდია, რომელიც ზარზე მიყენია. მუსიკას შორს გადავყავარ, ფიქრებთან ერთად.

ასე მგონია, ცოტახანში სამოთხის კარზე დავაკაკუნებ.

თანდათან ღამდება. იქნებ თვალებში მიბნელდება? არა, მართლა ღამდება, ნელა და თითქოს უსასრულოდ. სიცივის მანიშნებელი, ნაცრისფერი, შემზარავი ღრუბელი ჩემკენ ეშვება… დრო იწელება.

მე კი სამოთხის კარზე უნდა დავაკაკუნო.

ჩემგან ყველაფერი წაიღეს, წამართვეს, გამძარცვეს, სულიერად გამაღატაკეს… ვეღარაფერს გამოვიყენებ. იარაღიც წამართვეს, ახლა ვერავის გავუწევ წინააღმდეგობას, ვერ ვესვრი მათ, ვეღარ მოვკლავ და ვეღარც მიწასთან გავასწორებ.

აღარ ვარსებობ, მაგრამ ვინ თქვა, რომ გვირაბი უნდა გამევლო? აქ მხოლოდ უკიდეგანო სივრცეა. უცებ კარის მსგავს რაღაცას ვხედავ. მთელი სისწრაფით გავრბივარ, რომ წარმოდგენები არ დამემსხვრეს.

ესაა სანატრელი სამოთხის კარი! აბა სხვა რა უნდა იყოს? ის-ის არის მუშტს ვიმარჯვებ მთელი სისწრაფით დასაკაკუნებლად რომ რაღაც ძალა უკან მაგდებს. კვლავ მივდივარ და ისევ მაბრუნებს.

ჩემი ადგილი აქ ჯერ არ არის, დაუმსახურებლად ვერ დავისაკუთრებ მას.

ტელეფონის ზარი წყდება. რა აზრი აქვს ოცნებების ხელახლა დაწყებას? ისინი დაიმსხვრა.

ვინ იცის მეორედ ვიპოვნი თუ არა იგივე კარს…

(შთაგონებულია “Guns N Roses”-ის მიერ)