floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


დატოვე კომენტარი

აღსარება ბზარების გარეშე

Image

ღამეა. ძილი არ მეკარება.

უძილობა მას შემდეგ დამჩემდა, რაც ის ამბავი მოხდა. კალამს ხელში ვიღებ, წერას ვიწყებ. მინდა გადმოვცე ყველაფერი, რაც მაწუხებს, თუმცა მონანიებას მაინც არ ვაპირებ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბავშვობაში იმ დაწყევლილ, ცხოვრების დამანგრეველ ბრიტანული სკოლაში შემიყვანეს. მე მკაცრი წესების მსხვერპლი გავხდი.

გავიდა წლები… მე უკვე სკოლაში ვასწავლიდი. ასე რომ, შემეძლო საკუთარი მსხვერპლის არჩევა და საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი. ყურადღებით ვათვალიერებდი ყველა მოსწავლეს. იმ მომენტისთვის საუკეთესო ვარიანტი დი იყო რომ არა ფიამას გამოჩენა. ესპანელი გოგონას ასე უცებ შემოჭრა ჩვენს სკოლაში რაღაც არასწორი იყო. ტყუილია, რომ ამბობენ, ადამიანს ცხოვრება თვალწინ მხოლოდ სიკვდილის წინ გაუელვებსო. მე იგივე ფიამას ყოველ დანახვაზე მემართებოდა. ის იყო ერთადერთი ვინმე, ვინც წარსულს სიტყვების გარეშე მახსენებდა. პირველივე დღიდან ჩემი მეტოქე გახდა. აქამდე თუ ყურადღების ცენტრში მე ვექცეოდი, ბავშვები მაღმერთებდნენ და მასწავლებლის იდეალად მთვლიდნენ, მისი გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. სკოლა ახალი მოსწავლისკენ გადაერთო. გულში მოსვენებას არ მაძლევდა მისი განადგურების არანორმალური ჟინი. მომეცა თუ არა საშუალება სასტიკად გავუსწორდი გოგონას. იმ დღის გახსენებისას მაჟრიალებს, მაგრამ მაინც არ ვნანობ. ყურში ზარივით ჩამესმის ჩემივე სიტყვები:

– დაიძინე, დაიძინე, პატარავ. შენ ჯერ არ ხარ მზად ამ ცხოვრებისთვის.

რა მტანჯავს? იმის მაგივრად, რომ სიკვდილის წინ ბოდიში მომეხადა ან მეთქვა სხვანაირად არ შემეძლო და თავიდან უნდა მომეშორებინეთქო, მე მხოლოდ რაღაც სულელური მიზეზი ვუთხარი, თან ჩემი თავიც დავარწმუნე ამაში.

ასე იყო თუ ისე, ყველაფერი მორჩა. ვზივარ ფანჯრის წინ, გარეთ ლამპიონებს ვუყურებ, სიგარეტს ვეწევი, წარსულზე ვფიქრობ და მაინც არ ვნანობ. ცოცხალი რომ იყოს ფიამა, ისევ გავწირავდი სასიკვდილოდ. ხომ ვამბობდი მთავარი სურვილიათქო. ჰოდა, მე ასე მინდოდა.

თუ ვინმე ამ „აღსარებას“ კითხულობს, ნიშნავს, რომ მე ცოცხალი აღარ ვარ და ძლივს შემონახული, გაყვითლებული ფურცლები ბინის ახალმა პატრონებმა აღმოაჩინეს კარადის ქვედა კუთხეში. ნიშნავს იმასაც, რომ გძულვართ ჩემი საშინელი საქციელის გამო, მე კი კვლავ არ ვნანობ…

(მე როგორც მის ჯი, ყვინთვის მასწავლებელი.

შთაგონებულია „ბზარების“ მიერ)

Advertisements


2 Comments

5 პიროვნება ანუ 5 მე ანუ 5 თამო

Image

დიდი ხნის წინ, ინტერნეტში აღმოვაჩინე სურათი, შემდეგი წარწერით:

„თითოეულ გოგონაში არის 5 პიროვნება:

  1. რა როლს თამაშობს ის სკოლაში
  2. რა როლს თამაშობს მეგობრების წრეში
  3. რა როლს თამაშობს ოჯახში
  4. რა როლს თამაშობს შეყვარებულთან
  5. რა როლს თამაშობს მაშინ, როცა მარტოა“

დღეს სრულიად შემთხვევით ვიპოვე ეს სურათი ჩემს კომპიუტერში, საგულდაგულოდ გადანახული და გადავწყვიტე თემა დამეწერა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩემშიც, ისევე როგორც ყველა გოგონაში, არის რამდენიმე პიროვნება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მე ამ როლებს ვთამაშობ, ეს ძალაუნებურად, ქვეცნობიერად ხდება და სულაც არ ვცდილობ ყველგან სხვადასხვანაირად ვიქცეოდე, მე ყოველთვის მინდა „მე“ ვიყო და არა სხვა, მაგრამ იმ 5 პიროვნებას თავს მაინც ვერ ვარიდებ.

1. მე სკოლაში

სკოლაში არც თუ ისე საყვარელი ვარ, ვერ ვიტყვი რომ ბოღმიანი და შურიანი ვარ, თუმცა არც დიდი სიკეთით გამოვირჩევი. ზოგჯერ თავი იმაზე ჭკვიანი მგონია, ვიდრე ვარ ანუ ხანდახან საკუთარ თავზე იმაზე მეტი წარმოდგენა მაქვს, ვიდრე უნდა მქონდეს. ხშირად ვსვამ ვითომდა ფილოსოფიურ კითხვებს, რომლებსაც ერთი შეხედვით ვერავინ გებულობს, თუმცა ტვინს რომ აამუშავებ უმარტივესზე უმარტივესია(რა თქმა უნდა სულაც არ მომწონს, რომ კითხვას რომელიც მიჩნდება ვერ გადმოვცემ და ვერ გებულობენ მაგრამ ასეთია თამო სკოლაში). სწავლას მეგობრობაზე წინ არ ვაყენებ, თუმცა ალბათ გამონაკლისებიც ხდება. მუდმივად ვცდილობ მასწავლებლების გულის მოგებას, ოღონდ ყველასას არა. ამ ყველაფრის შემდეგ ვარ ცოტათი ნაგლი, ცოტათი გენიოსა, ცოტათი პროვოკატორი, მაგრამ გიჟი და არანორმალური თამო.

2. მე მეგობრებთან

სკოლაში თუ რამე როლის თამაში არ მიწევს, მეგობრებში ხომ მითუმეტეს, თუმცა ვაღიარებ აქ უფრო თავისუფალი ვარ. მათთან გახსნილი და გულწრფელი ვარ, საჭირო დოზით მხიარულიც. მეგობრების შეძენა როცა მინდა შემიძლია საკმაოდ კომუნიკაბელური ვიყო, თუმცა ვთვლი რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სრულიად „მყოფნის“ იმისთვის, რომ თავი მარტო არ ვიგრძნო, გავერთო მათთან ერთად და ბოლომდე გავუზიარო ის, რაც სათქმელი მაქვს. ვცდილობ ვიყო ერთგული, გვერდს ვერ ავუვლი პირდაპირობას და სიგიჟეს რომელიც ჩემს ხუთივე პიროვნებას ახასიათებს.

3. მე ოჯახში

აი, აქ მაქვს მინუსების კორიანტელი. ვარ საზიზღარი, აუტანელი ბავშვი, უზომოდ ნერვიული. ერთი რამ კი უნდა ითქვას, ვაფასებ ოჯახს და მიყვარს მისი თითოეული წევრი. შესაბამისად, ვიცი, რომ მათაც უყვართ თავიანთი „კაპასი“.

4. მე შეყვარებულთან

იქიდან გამომდინარე, რომ ამ მომენტისთვის არ მყავს შეყვარებული, უმჯობესია ეს „გრაფა“ მოგვიანებით შევავსო.

5. მე მარტო

მარტო ყოფნისას ვარ ცანცარა და ძალიან მხიარული, თუმცა ეს მდგომარეობა მალე მბეზრდება და აუცილებლად ვცდილობ თავი დავაღწიო, ვგულისხმობ იმას, რომ ან გარეთ გავდივარ ან ვცდილობ კომპიუტერთან მაინც დავჯდე და მქონდეს იმის ილუზია, რომ მარტო არ ვარ.

მოკლედ, ასე თუ ისე, შევეცადე განმესხვავებინა ჩემი 5(ნუ 4) პიროვნება, რომელიც მომავალში გამომადგება და რაც არ უნდა თქვას თითოეულმა თქვენგანმა, ყველა სხვადასხვანაირად იქცევა იმის მიხედვით, თუ რა წრეშია.