floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


11 Comments

თვითგანადგურება სრულყოფილების ძიებაში

Image

ფარდა ეშვება… დარბაზში ყურთასმენა აღარ არის… ტაშის კვრისგან ყველას ხელები უწითლდება. ჩემს გონებაში ქაოსია, ფიქრები ერთმანეთს აწყდება.

მალე ფარდა ისევ უნდა გაიხსნას, მსახიობებმა თავი დაუკრან პუბლიკას, ხალხი განსაკუთრებით გედს ელის. წარმოვიდგენ, რომ გადის წამები და ის არსად ჩანს. არა! ასე არ მოხდება! ტვინს ძალას ვატან, რომ რამე მოვიფიქრო. ახლა წარმოვიდგენ, რომ ყველა იგებს იმას, რაც მოხდა, ელვისებური სისწრაფით ხმები მთელს ქალაქში ვრცელდება, ხალხი შეძრწუნებულია და ყველა მხრიდან რეპორტიორები მაწყდებიან, იმის გასაგებად თუ რა დაემართა პრიმა-ბალერინას. მერე ფიქრებში ვხატავ მომენტს, როცა ხელში გაზეთი მიჭირავს, ჩემი ფოტოთი დამშვენებული და სათაურს ვკითხულობ „რეჟისორმა პრიმა-ბალერინა თვითმკვლელობამდე მიიყვანა“. არა! არც ეს მოხდება! არავის მივცემ უფლებას ასეთი ჭორი ააგოროს. სულ ცოტა დრო მრჩება. უცებ თავში რაღაც იდეამ გამკრა.

– ლილი! – ვყვირი მე. – სასწრაფოდ ნინას საგრიმიოროში შედი, შავი გედის ფორმა ჩაიცვი და სცენაზე გადი! ოდეტა მოკვდა! შენ ხარ ოდილია!

ფარდა იხსნება. ლილი აგვიანებს. პუბლიკა აფორიაქებულია.

მადლობა ღმერთს, ჩემი შავი გედიც გამოჩნდა. ხალხი არანორმალური ყიჟინით ეგებება მას, ნინას საოცრად რეალური თამაშის გამო თავიანთ აღფრთოვანებას ვერ მალავენ და ამიტომაც ეგებებიან ლილის. წარმოდგენა საბოლოოდ სრულდება.

კულისებში დასვენებულ ნინას ცხედარს გაშტერებული ვუყურებ, ყველას ხმამაღლა ვუყვირი გამეცალონ, ჩემი საუკეთესო მოცეკვავის ცივ სხეულთან მარტო ვრჩები და ცხოვრებაში პირველად ერთი ცრემლი მვარდება მარცხენა თვალიდან. ბალერინა სისხლით არის შეღებილი, იმ სისხლით, რომელიც სრულყოფილების გამო დაიღვარა.

ვცდილობ მომხდარის გაანალიზებას… გონზე რომ მოვდივარ ნინას დედას ვურეკავ, სიტუაციაში ვარკვევ, ისიც ჩემს აზრზე დგას. საქმე არ უნდა გახმაურდეს.

ღამის სიბნელეში მე და ნინას დედა ძლივს მივიკვლევთ გზას, თან მისი შვილის ცხედარს მივათრევთ და ჩუმად, თითქმის უხმოდ, როგორღაც, წვალებით ვასაფლავებთ მას. არც ერთი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. აშკარაა, რომ მე არაფერი მეთქმის, მას კი ლაპარაკსაც ვერ მოვთხოვ ისეთ მდგომარეობაშია.

დიდი ხნის შემდეგ ჩემს შინ წასვლასაც დაადგა საშველი. თეატრიდან სახლამდე აღარც ვიცი რაზე ვიფიქრო, მხოლოდ 2 კითხვა და 2 პასუხი მიტრიალებს თავში.

ნინა სრულყოფილებას ესწრაფვოდა, პრემიერამდე მასზე ფსიქოლოგიური წნეხი კი იზრდებოდა და იზრდებოდა, ამაში დამნაშავე მხოლოდ თვითონ იყო და არავინ სხვა, თუმცა მჯერა მისი ბოლო სიტყვების. მან მიაღწია სრულყოფილებას.

– აქვს საზღვრები ადამიანის ფსიქიკას?

– არა!

– სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს სრულყოფილების ძიებამ?

– საკუთარი „მეს“ დაკარგვამდე..

თვითგანადგურებამდე!

(მე როგორც ტომას ლეროი, “გედების ტბის” დამდგმელი რეჟისორი.

შთაგონებულია “შავი გედის” მიერ)


%(count)s კომენტარი

იდეალური “მე”

Image

როგორი წარმომიდგენია იდეალური „მე”? -სრულყოფილი. გაუგებარია? მაშინ, ვეცდები, შევადარო იდეალური თამო რეალურს.

რეალურ თამოს აფერისტობა არ შეუძლია, იდეალურს – უნდა შეეძლოს(ხშირად ეგეც საჭიროა).

რეალურ თამოს ბევრი ვერ იტანს, იდეალურსაც ჰყავს მტრები, თუმცა ნაკლები რაოდენობით.

რეალურ თამოს არ შეუძლია ემოციების მოთოკვა, იდეალური – საჭირო დროს, სახეზე გაკვირვებას, სიბრაზეს და ზიზღს არ იმჩნევს.

რეალურმა თამომ შეიძლება საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დედამიწის ყველა მოსახლე გაწიროს, იდეალურს კი მაგრად კიდია ვინ გაამართლებს და ვინ – არა.

რეალური თამო თითქმის ვერავის ენდობა, იდეალური ენდობა ვისაც საჭიროა.

რეალური თამო ზედმეტად გულწრფელი და პირდაპირია, იდეალური მალავს რასაც საჭიროა.

რეალური თამო ძალიან მოუთმენელია, იდეალურს – რკინის ნერვები აქვს.

და ბოლოს, რეალურ და იდეალურ თამოსაც აქვთ საერთო თვისებები. ორივე არის აქტიური, თავისუფლების მოყვარული და კომუნიკაბელური. მართალია, სრულყოფილებამდე ბევრი მაკლია, თუმცა ცოტაც რომ მაკლდეს მაინც ვერასოდეს მივაღწევ მას და თუ მაინც შევძლებ, მაშინ საკუთარ „მეს“ დავკარგავ. ყველა თვისება, რომელიც იდეალურ თამოს აქვს, არც თუ ისე მაღალი იდეალებია, მაგრამ რამდენადაც არ უნდა  ვეცადო, მაინც ვერ შევისისხლხორცებ, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა.