floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


10 Comments

რას გავანადგურებდი და რას დავიტოვებდი

Image

რამდენიმე თვის წინ ვუყურე ფილმს – „10 items or less“. ამის შემდეგ გამიჩნდა იმის სურვილი, რომ მეფიქრა თუ რას მოვსპობდი ჩემს ცხოვრებაში და რას დავიტოვებდი. ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა.

5 რამ, რასაც გავაქრობდი ჩემი ცხოვრებიდან:

1. ტესტირებები

რატომ ვერ ვიტან ტესტირებას? რა თქმა უნდა კარგი საშუალებაა იმის გასაგებად თუ ვინ რა იცის, მაგრამ ჩემთვის ძალიან დამღლელია.

2. სოც. ქსელები

რატომ გავაუქმებდი მათ? იმიტომ, რომ ისინი ძალაუნებურად მართმევენ ძალიან დიდ დროს, მე კი წინააღმდეგობას ვერ ვუწევ. გარდა ამისა, გარესამყაროს გვწყვეტს.

3. ორშაბათი

ორშაბათის გაქრობის იდეა ჩემს საუკეთესო მეგობარს ეკუთვნის და როგორც კი მითხრა მაშინვე ამ იდეის „მიმდევარი“ გავხდი. ვის არ უნდა კვირის ყველაზე საზიზღარი დღის გაქრობა?

4. სტერეოტიპები

მოვსპობდი სტერეოტიპებს, რადგან ყველა მათგანი სრული სისულელეა და უბრალოდ ამ ქვეყანას ამახინჯებს.

5. სიღარიბე

გავაქრობდი გაჭირვებას, შესაბამისად გაჭირვებულ ადამიანებს „გადავაქცევდი“ შედარებით შეძლებულებად.

5 რამ, რასაც დავიტოვებდი:

1.მობილური ტელეფონი

ამ ნივთს გარეშე არ შემიძლია გარეთ გასვლა. ვერ დაიჯერებთ და სახლშიც მუდამ მუდამ მიდევს ჟაკეტისა თუ ხალათის ჯიბეში. ერთი სიტყვით ნომოფობია მჭირს.

2.ფოტოსურათები

დავიტოვებდი ყველა იმ ფოტოს, რომელიც ოდესმე გადამიღია. მოკლედ ვერ გავწირავდი გასაქრობად ჩემი ცხოვრების მოკლე მიმოხილვას სურათების მეშვეობით.

3. Weekends

იქიდან გამომდინარე, რომ „გასაქრობებში“ მესამე პუნქტია ორშაბათი, „დასატოვებლებში“ იგივე ადგილი weekend-ებს ეკუთვნის.

4. ბლოგი

ინტერნეტსივრცეში გავწირავდი ყველაფერს, გარდა ჩემი ბლოგისა, რომელიც ცოტა ხანია შევქმენი, მაგრამ ძალიან შემიყვარდა.

5. ყავა

ყველაფერი რომ დავკარგო ამას მაინც ვერ შეველევი, უფრო ზუსტად ტკბილ ყავას.

ახლა თქვენი ჯერია, დაწერეთ, რას ვერ გაიმეტებდით გასაწირად და რას დატოვებდით “თამაშს გარეთ” თქვენი ცხოვრებიდან.


დატოვე კომენტარი

მე დავაკაკუნებ სამოთხის კარზე!

Image

ტელეფონი რეკავს. არ მინდა ვუპასუხო. ვერც გავთიშავ. ძალაუნებურად მესმის ის მელოდია, რომელიც ზარზე მიყენია. მუსიკას შორს გადავყავარ, ფიქრებთან ერთად.

ასე მგონია, ცოტახანში სამოთხის კარზე დავაკაკუნებ.

თანდათან ღამდება. იქნებ თვალებში მიბნელდება? არა, მართლა ღამდება, ნელა და თითქოს უსასრულოდ. სიცივის მანიშნებელი, ნაცრისფერი, შემზარავი ღრუბელი ჩემკენ ეშვება… დრო იწელება.

მე კი სამოთხის კარზე უნდა დავაკაკუნო.

ჩემგან ყველაფერი წაიღეს, წამართვეს, გამძარცვეს, სულიერად გამაღატაკეს… ვეღარაფერს გამოვიყენებ. იარაღიც წამართვეს, ახლა ვერავის გავუწევ წინააღმდეგობას, ვერ ვესვრი მათ, ვეღარ მოვკლავ და ვეღარც მიწასთან გავასწორებ.

აღარ ვარსებობ, მაგრამ ვინ თქვა, რომ გვირაბი უნდა გამევლო? აქ მხოლოდ უკიდეგანო სივრცეა. უცებ კარის მსგავს რაღაცას ვხედავ. მთელი სისწრაფით გავრბივარ, რომ წარმოდგენები არ დამემსხვრეს.

ესაა სანატრელი სამოთხის კარი! აბა სხვა რა უნდა იყოს? ის-ის არის მუშტს ვიმარჯვებ მთელი სისწრაფით დასაკაკუნებლად რომ რაღაც ძალა უკან მაგდებს. კვლავ მივდივარ და ისევ მაბრუნებს.

ჩემი ადგილი აქ ჯერ არ არის, დაუმსახურებლად ვერ დავისაკუთრებ მას.

ტელეფონის ზარი წყდება. რა აზრი აქვს ოცნებების ხელახლა დაწყებას? ისინი დაიმსხვრა.

ვინ იცის მეორედ ვიპოვნი თუ არა იგივე კარს…

(შთაგონებულია “Guns N Roses”-ის მიერ)