floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


11 Comments

უჩვეულოდ გულწრფელი პოსტი

ხანდახან ადამიანები ისეთ რამეს წერენ, რისი თქმაც ენით არ შეუძლიათ. ვერ ვიტყვი ბლოგი იმისთვის მაქვს, რომ მხოლოდ ის ვწერო რაც მე მაწუხებსთქო, მაგრამ ზოგჯერ მეც მინდა ვთქვა ყველაფერი, რასაც რეალურ ცხოვრებაში არასოდეს ვაღიარებ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გულწრფელი და გახსნილი ვარ, დღეს ბევრ უცნობ ფაქტს გაიგებთ ჩემ შესახებ.

  • ზოგჯერ თავს იმაზე ცუდ ადამიანად ვაჩვენებ ვიდრე ვარ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რაში მჭირდება ხოლმე.
  • ის ფაქტი, რომ ჯერ აზრზე არ ვარ რა პროფესიის უნდა გამოვიდე, იმაზე მეტად მაწუხებს, ვიდრე ამას პირდაპირ გამოვხატავ.
  • სასტიკად მაღიზიანებს, როცა მგონია რომ რამეში ერთადერთი ვარ და ამ დროს ასპარეზზე მეორე ჩემნაირი გამოდის. ეს საფრთხეს უქმნის ჩემს პირველობას.
  • ყოველთვის ვამბობდი, რომ დედაჩემს არაფერს ვუმალავ. ბოლო დროს ვხვდები, რომ ეს ასე არ არის. ამბის მოყოლისას ზოგჯერ მნიშვნელოვან დეტალებს ვტოვებ, მაგრამ არასოდეს ვანაცვლებ მათ ტყუილით.
  • ვთვლიდი, რომ არ მადარდებდა, რას იფიქრებდა სხვა, არადა, ვერ ვიტან როცა ვინმეს არასწორი წარმოდგენა აქვს ჩემზე. პირდაპირ თუ არა, შეფარვით მაინც ვცდილობ, რომ სხვას აზრი შევაცვლევინო.
  • მეგონა, რომ არ ვიყავი ეჭვიანი. როგორც აღმოჩნდა, ხშირად მეპარება ეჭვი ადამიანის ერთგულებაში.
  • ფეხებზე ბევრი რამის დაკიდება არ შემიძლია. ფეხები არც ისე სუსტი მაქვს, უბრალოდ რამეს დაკიდებით ვიღაც ტყუილად გაიხარებს.
  • სხვის უბედურებაზე უფრო მეტს ვტირი, ვიდრე საკუთარზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ვტირი ყოველ მესამე ფილმზე, მაგრამ როდესაც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში მეორდება არც ისე „სუსტი გული“ მაქვს.
  • ყველაზე მეტად არ მინდა იმის აღიარება, რომ კმაყოფილი ვარ აწმყოთი, თუმცა მივტირი წარსულს.
  • არ ვარ შურიანი, თუმცა ვგიჟდები შურისძიებაზე.
  • ვაღიარებ, რომ ჩემგან საუკეთესო ბლოგერი არ დადგება, თუმცა ის დროც მოვა, როცა ცნიბილი ვიქნები ამ საქმიანობით. და ბოლოს, უკვე ოცნებად მექცა პირველი ადგილი Freshly Pressed-ში.

P.S. ბლოგზე არასოდეს ვიტყუები.

P.P.S. შეგიძლიათ, თქვენც დაწეროთ ისეთი რამ, რასაც პირდაპირ არასოდეს აღიარებთ.

Advertisements


13 Comments

ნორმალური, ან იქნებ გიჟი ვერონიკა

ვდგავარ ტრანკვილიზატორებით გაჭყეპილი პაციენტებით სავსე პალატაში. ვოცნებობ ჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში ვიყო, მაგრამ ასე არ არის. მე გიჟებს შორის ვარ. მე – ერთადერთი ნორმალური. გარეთ ახალი მთვარეა, სავსეზე მეტად ლამაზი. ამ არანორმალურებს დიდი ხანია ძილი მოერიათ. მხოლოდ ერთს არ სძინავს – ჩემგან ოციოდე საწოლით დაშორებულ გოგონას, რომელიც 24 წლის ძლივს იქნება. პირველად რომ მოიყვანეს აქ, სახტად დავრჩი. ნეტავ, რამ უბიძგა ასეთ ახალგაზრდა და ლამაზ გოგონას სიკვდილისაკენ? დავინახე თუ არა, ჩემი შვილი გამახსენდა. მანაც რომ მსგავსი რამ ჩაიდინოს, ნუთუ გადავიტან? მოგვიანებით გავიგე, რომ ვერონიკა ჰქვია. ლამაზი სახელია… თვითონაც ასეთივეა, მაგრამ მაინც…. სიკვდილს ჩახედა თვალებში. საწყალი დედამისი, ალბათ, როგორ ჯავრობს. გოგონას დღეები დათვლილია. ნეტავ, ახლა რატომ ფხიზლობს? იქნებ იმიტომ, რომ განსხვავდება სხვებისგან? იქნებ სულაც არ არის გიჟი? თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ამათნაირია. მხოლოდ ახლა ვხვდები რომ წიგნში რაც წავიკითხე ვერაფერი გამიგია. მთელი ყურადღება ვერონიკასკენ მქონდა გადატანილი. გოგონა დგება და შეუმჩნევლად ცდილობს გარეთ გასვლას. მე, რა საკვირველია, საწოლში დაბრუნებისაკენ მოვუწოდებ, ის ჩემთან საუბრის გაბმას ცდილობს. თავიდან ვცდილობ არ ავყვე, მერე ისევ მახსენდება რომ ვერონიკა საოცრად გავს ჩემს შვილს და მის მიმართ ლმობიერი ვხდები. ვეუბნები, რომ კარი ჩაკეტილი არ არის, გარეთ გასვლის ნებაც დავრთე. გოგონა ერთიანად ცახცახებს, არ ვიცი ცივა თუ გული აწუხებს. ამ დროს მიმხელს, რომ პიანინოზე დაკვრა უნდა. როგორც კი ჩემგან თანხმობას იღებს, თავს მკერდზე მაყრდნობს და გაუბედავად იწყებს ქვითინს. თანდათან უფრო ემგვანება ჩემს გოგონას. მას სიცოცხლე მოუნდა, მაგრამ გვიანია, ადრევე ჩაკლა საკუთარ თავში საინტერესო და გიჟი ვერონიკა. ფეხზე ვაყენებ და ხელმოხვეულს მიმყავს კარამდე. ვაცილებ. კარს ვხურავ. ამ არანორმალურებს ერთხელ კიდევ ვზვერავ. წიგნს ხელში ვიღებ და კითხვას ვაგრძელებ. დერეფანში ფეხის ხმა წყდება. ვერონიკას თითები პიანინოს კლავიშებს ეხება და მთვარის სონატის ამაღელვებელი მელოდია ჩემამდე აღწევს.

მე – როგორც ექთანი,

პაულო კოელიოს წიგნიდან “ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა