floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


5 Comments

გოგონა, რომელიც ძლიერ ჰგავს პეპის

ეს-ეს არის მილენიუმის საგის უკანასკნელი წიგნი დავხურე. ჩემდა სამწუხაროდ, დავასრულე ლიზბეთ სალანდერის თავგადასავლები. მის სამყაროში შარშან შევაბიჯე და ერთი წიგნის წაკითხვიდან მეორემდე ინტერესი მკლავდა. საბოლოო ჯამში, სტიგ ლარსონის ტრილოგიამ 2 კვირა წამართვა. რა თქმა უნდა, სიტყვა „წამართვას“ დადებითი დატვირთვა აქვს, რადგან არ ყოფილა წამი, როდესაც წიგნის სიუჟეტი უაზრო მომჩვენებოდა.

აქ ყველა მნიშვნელოვანი მოქმედება შვედეთში ხდება. ვინაიდან ტრილოგიის სამივე ნაწილში ერთდროულად რამდენიმე სიუჟეტური ხაზი ვითარდება, მათი სათითაოდ აღწერა არ ღირს. ვისაც ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ლარსონის საგა, მოკლე შინაარსისთვის თვალის გადავლება თქვენთვის მომინდვია. ძალიან შთამბეჭდავია ტექსტები რომელიც სამივე წიგნს აქვს წამძღვარებული და მეტწილად ფემინისტურია. წიგნის მთავარი სათქმელის დიდი ნაწილი სწორედ ამ წამძღვარებებითაა გადმოცემული. პირველი ნაწილი არის სისხლიანი, მეორე – დამაინტრიგებელი, ხოლო მესამე – ყველაზე სერიოზული. „გოგონა დრაკონის ტატუთი“, გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა“ და „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“ მრავლად მოიცავს მკვლელობებს, ძალადობის ამსახველ დეტალებს, თაღლითობის მაგალითებს, ჯაშუშობას და მრავალ სხვა კანონდარღვევას. სტიგ ლარსონი არ იცავს კლასიკური დეტექტივებისთვის დამახასიათებელ წესებს. აქ დეტექტიური სიუჟეტების გარდა სხვა მოვლენებიც ვითარდება. ჩვენ საშუალება გვეძლევა გავიგოთ ზოგიერთი ჟურნალის სარედაქციო ამბები, ეჭვმიტანილების, ჟურნალისტების, გამომძიებლების თუ სხვათა პირადი ცხოვრების დეტალები და ა.შ. ლარსონის დეტექტივს სხვა დეტექტივებისგან თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის დიდი დატვირთვის მინიჭებაც გამოარჩევს. მის ტრილოგიაში ინტერნეტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ბოლოს, ყველაზე მთავარი – პერსონაჟების ურთიერთობები. როგორც უკვე აღვნიშნე, მათ პირად ცხოვრებას წიგნში დიდი ადგილი ეთმობა. გარდა ამისა, ისინი ერთმანეთთან სხვადასხვა ჯაჭვებით არიან დაკავშირებული. ბევრი რომ არ ვილაპარაკო თანდათან რეცენზია მათი დახასიათებისკენ მიმყავს.

პირველი მთავარი გმირი ლიზბეთ სალანდერია. ის არის ახალგაზრდა ჰაკერი, უამრავი პირსინგითა და ტატუთი, ასოციალური გოგო, თუმცა თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. მისი ცხოვრების აღწერას რომ არ მივყვე და წიგნიდან მნიშვნელოვანი დეტალები არ გავამჟღავნო მხოლოდ მისი დახასიათებით შემოვიფარგლები. სალანდერი ძალიან თავისუფალი თუმცა არაგულწრფელი გოგოა, ამავდროულად, უშიშარი და სამართლიანობისთვის მებრძოლი. ადამიანი, რომელთან დასაკავშირებლადაც საკმარისია word-ის ფაილი გახსნა და სასურველი ტექსტი აკრიბო. დარწმუნებული იყავი, რომ ლიზბეთი აუცილებლად წაიკითხავს, თუმცა სიტყვაძუნწობის გამო შეიძლება პასუხის ღირსად არ ჩაგთვალოს. ტრილოგიას ლაიტმოტივად მიჰყვება ის, რომ სალანდერი ძალიან ჰგავს ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოების პერსონაჟს – პეპის. ჩემს ყურადღებას სამივე ნაწილში ლიზბეთის სლოგანიანი მაისურები იპყრობს, რომლებიც ძალიან ორიგინალურად გადმოსცემს გოგონას ფიქრებს. წიგნს მეორე მთავარი პერსონაჟიც ჰყავს, რომელიც ლიზბეთთან ერთად იბრძვის სიმართლის დასადგენად და გამოსააშკარავებლად. ეს ჟურნალისტი მიქაელ ბლუმკვისტია. მისი პროტოტიპიც ასტრიდ ლინდგრენის შექმნილია და კალე ჰქვია. არ ვიცი რომელი პერსონაჟი უფრო მომწონს, თუმცა ის ვიცი რომ მიკე ძალიან „მაგარი ტიპია“, ლიზბეთის და მიქაელის ურთიერთობა კი ძალიან უცნაური. თუმცა, ისინი ერთმანეთისთვის ნამდვილად არ არიან გაჩენილები. ამ ორი მთავარი გმირის გარდა საგაში კიდევ ბევრი პერსონაჟია, რომლებზეც ყურადღების გამახვილება ღირს, მაგალითად: ნაძირალა ალექსანდერ ზალაჩენკო, ჟურნალ მილენიუმის მთავარი რედაქტორი ერიკა ბერგერი, სალანდერის ადვოკატი ანიკა ჯიანინი, მეურვე ჰოლგერ პალმგრენი, ჰაკერების რესპუბლიკის წევრები და მრავალი სხვა.

საბოლოო ჯამში, დამაინტრიგებელი, ჩახლართული სიუჟეტი და საინტერესო პერსონაჟები ქმნიან დიდებულ ტრილოგიას. ეს არის ერთადერთი წიგნი, რომლის ხელმეორედ გადაკითხვასაც მომავალში აუცილებლად ვისურვებ, მიუხედავად მისი დიდი მოცულობისა. არ ვიცი რამდენად გემრიელი რეცენზია გამომივიდა, თუმცა იმედი მაქვს, რომ გადმოვეცი ჩემი დამოკიდებულება და ვინმეს მაინც გავუჩინე მილენიუმის საგის წაკითხვის სურვილი.