floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


4 Comments

მალეს მერე…

Image

მალე თოვლი დადნება, ატალახდება. მერე ფანჯრიდან გავიხედავ და უაზრო ამინდის გამო ნერვებმოშლილი შევიძულებ ზამთარს.

მალე ახალი წელი მოვა და მერე ზამთარი ისევ შემიყვარდება.

მალე მომბეზრდება სახლში ყოფნა. მერე გარეთ გავალ.

მალე დაიწყება ქარები, მას წვიმებიც მოყვება. მერე მე კვლავ გავალ გარეთ და წვიმას ვთხოვ არ გადაიღოს.

მალე ყველაფერი გალამაზდება. მერე ეს სილამაზე გაქრება უკვალოდ.

მალე ყველაფერი გაყვითლდება, გასტაფილოსფერდება, გაოქროსფერდება. მერე ისევ მოიცლიან სითეთრე და ყინვა ჩვენთან მოსასვლელად.

მალე ისევ მოთოვს. მერე ყველაფერი თავიდან დაიწყება…

წლები გავა…

ასე იტრიალებს უსასრულოდ სანამ ყველაფერი არ მორჩება. მალე ცხოვრებასაც გავლევ. მერე, ალბათ, ბევრი რამე შეიცვლება. დავიჯერო, ყველაფერი თავიდან დაიწყება?

Advertisements


დატოვე კომენტარი

აღსარება ბზარების გარეშე

Image

ღამეა. ძილი არ მეკარება.

უძილობა მას შემდეგ დამჩემდა, რაც ის ამბავი მოხდა. კალამს ხელში ვიღებ, წერას ვიწყებ. მინდა გადმოვცე ყველაფერი, რაც მაწუხებს, თუმცა მონანიებას მაინც არ ვაპირებ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბავშვობაში იმ დაწყევლილ, ცხოვრების დამანგრეველ ბრიტანული სკოლაში შემიყვანეს. მე მკაცრი წესების მსხვერპლი გავხდი.

გავიდა წლები… მე უკვე სკოლაში ვასწავლიდი. ასე რომ, შემეძლო საკუთარი მსხვერპლის არჩევა და საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი. ყურადღებით ვათვალიერებდი ყველა მოსწავლეს. იმ მომენტისთვის საუკეთესო ვარიანტი დი იყო რომ არა ფიამას გამოჩენა. ესპანელი გოგონას ასე უცებ შემოჭრა ჩვენს სკოლაში რაღაც არასწორი იყო. ტყუილია, რომ ამბობენ, ადამიანს ცხოვრება თვალწინ მხოლოდ სიკვდილის წინ გაუელვებსო. მე იგივე ფიამას ყოველ დანახვაზე მემართებოდა. ის იყო ერთადერთი ვინმე, ვინც წარსულს სიტყვების გარეშე მახსენებდა. პირველივე დღიდან ჩემი მეტოქე გახდა. აქამდე თუ ყურადღების ცენტრში მე ვექცეოდი, ბავშვები მაღმერთებდნენ და მასწავლებლის იდეალად მთვლიდნენ, მისი გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. სკოლა ახალი მოსწავლისკენ გადაერთო. გულში მოსვენებას არ მაძლევდა მისი განადგურების არანორმალური ჟინი. მომეცა თუ არა საშუალება სასტიკად გავუსწორდი გოგონას. იმ დღის გახსენებისას მაჟრიალებს, მაგრამ მაინც არ ვნანობ. ყურში ზარივით ჩამესმის ჩემივე სიტყვები:

– დაიძინე, დაიძინე, პატარავ. შენ ჯერ არ ხარ მზად ამ ცხოვრებისთვის.

რა მტანჯავს? იმის მაგივრად, რომ სიკვდილის წინ ბოდიში მომეხადა ან მეთქვა სხვანაირად არ შემეძლო და თავიდან უნდა მომეშორებინეთქო, მე მხოლოდ რაღაც სულელური მიზეზი ვუთხარი, თან ჩემი თავიც დავარწმუნე ამაში.

ასე იყო თუ ისე, ყველაფერი მორჩა. ვზივარ ფანჯრის წინ, გარეთ ლამპიონებს ვუყურებ, სიგარეტს ვეწევი, წარსულზე ვფიქრობ და მაინც არ ვნანობ. ცოცხალი რომ იყოს ფიამა, ისევ გავწირავდი სასიკვდილოდ. ხომ ვამბობდი მთავარი სურვილიათქო. ჰოდა, მე ასე მინდოდა.

თუ ვინმე ამ „აღსარებას“ კითხულობს, ნიშნავს, რომ მე ცოცხალი აღარ ვარ და ძლივს შემონახული, გაყვითლებული ფურცლები ბინის ახალმა პატრონებმა აღმოაჩინეს კარადის ქვედა კუთხეში. ნიშნავს იმასაც, რომ გძულვართ ჩემი საშინელი საქციელის გამო, მე კი კვლავ არ ვნანობ…

(მე როგორც მის ჯი, ყვინთვის მასწავლებელი.

შთაგონებულია „ბზარების“ მიერ)