floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


8 Comments

Dear FutureMe!

tumblr_mf2tr3WLlJ1qder5oo1_500_large

გუშინ ღამით გადავწყვიტე, რომ დღეს სკოლა უნდა გამეცდინა. დილით ადრე გამეღვიძა, სადღაც თერთმეტზე. კომპიუტერი ჩავრთე და ერთ-ერთი ბლოგიდან საინტერესო საიტზე აღმოვჩნდი, საიდანაც შეგიძლია წერილი მისწერო შენს მომავალს. ჰოდა, გადავწყვიტე მიმეწერა. ასეც მოვიქეცი და ელ.ფოსტაზე გავიგზავნე. წერილს მე 18.12.2013-ში მივიღებ. საიტს არ ვენდე, წერილი დავაკოპირე და ვორდში საგულდაგულოდ შევინახე. ჩემ თავს აღვუთქვი, რომ 1 წელი ამ ვორდის ფაილს ხელს არ ვახლებდი, მაგრამ პირობა 5 წუთში დავარღვიე. მოკლედ და კონკრეტულად მომავალი მესთვის მიწერილ წერილს თქვენც გიზიარებთ. გპირდებით ჩემ თავს აუცილებლად ვუპასუხებ 1 წლის შემდეგ.

Dear FutureMe,

ახლა როცა ამ წერილს ვწერ საყვარლად თოვს. ფანჯრიდან მხოლოდ სითეთრე ჩანს. იწურება 2012 წელი. თუ ამას კითხულობ ესეიგი უკვე 2013 წელი მთავრდება, შენ კვლავ ამოწმებ იაჰუს და სხვა ელ.ფოსტა არ გაგიხსნია. დარწმუნებული ვარ აღარც გახსოვს ეს სიტყვები რომ დაწერე. თამო, ჩემო მომავალო მე, ძალიან მიყვარხარ!

მინდა რამდენიმე რაღაც გკითხო.

რა გასწავლა 2013-მა წელმა? რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში? საკუთარი თავი იპოვე?

როგორ არიან შენი საუკეთესო მეგობრები? მითხარი რომ  ზუსტად ისეთი ურთიერთობა გაქვს მათთან როგორიც ახლა. ძველი მეგობრები არ დაკარგო, ახლების შეძენასაც გისურვებ.

ჰო, მართლა, ბლოგზე ისევ წერ? გთხოვ, არ შეწყვიტო და არასოდეს დაგეზაროს.

შენ ისევ არანორმალური კინომანიაკი ხარ? გიყვარდეს ფილმები, მაგრამ მათში არ იცხოვრო.

წვიმიანი ამინდი და მაგ დროს ყავის დალევა ისევ გიყვარს? შოკოლადს თუ მაინც გადაეჩვიე?

ვიცი, რომ ისევ ასეთი საყვარელი იქნები.

მიპასუხე იმ კითხვებზეც რაც გამომრჩა. შენ ყველაზე კარგად იცი რა შეიძლება მაინტერესებდეს. დამპირდი, რომ მომიყვები ყველაფერს, მე მაინც მეყვარები.

Sincerely, PastMe.

Advertisements


10 Comments

რას გავანადგურებდი და რას დავიტოვებდი

Image

რამდენიმე თვის წინ ვუყურე ფილმს – „10 items or less“. ამის შემდეგ გამიჩნდა იმის სურვილი, რომ მეფიქრა თუ რას მოვსპობდი ჩემს ცხოვრებაში და რას დავიტოვებდი. ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე ბლოგზე დამეწერა.

5 რამ, რასაც გავაქრობდი ჩემი ცხოვრებიდან:

1. ტესტირებები

რატომ ვერ ვიტან ტესტირებას? რა თქმა უნდა კარგი საშუალებაა იმის გასაგებად თუ ვინ რა იცის, მაგრამ ჩემთვის ძალიან დამღლელია.

2. სოც. ქსელები

რატომ გავაუქმებდი მათ? იმიტომ, რომ ისინი ძალაუნებურად მართმევენ ძალიან დიდ დროს, მე კი წინააღმდეგობას ვერ ვუწევ. გარდა ამისა, გარესამყაროს გვწყვეტს.

3. ორშაბათი

ორშაბათის გაქრობის იდეა ჩემს საუკეთესო მეგობარს ეკუთვნის და როგორც კი მითხრა მაშინვე ამ იდეის „მიმდევარი“ გავხდი. ვის არ უნდა კვირის ყველაზე საზიზღარი დღის გაქრობა?

4. სტერეოტიპები

მოვსპობდი სტერეოტიპებს, რადგან ყველა მათგანი სრული სისულელეა და უბრალოდ ამ ქვეყანას ამახინჯებს.

5. სიღარიბე

გავაქრობდი გაჭირვებას, შესაბამისად გაჭირვებულ ადამიანებს „გადავაქცევდი“ შედარებით შეძლებულებად.

5 რამ, რასაც დავიტოვებდი:

1.მობილური ტელეფონი

ამ ნივთს გარეშე არ შემიძლია გარეთ გასვლა. ვერ დაიჯერებთ და სახლშიც მუდამ მუდამ მიდევს ჟაკეტისა თუ ხალათის ჯიბეში. ერთი სიტყვით ნომოფობია მჭირს.

2.ფოტოსურათები

დავიტოვებდი ყველა იმ ფოტოს, რომელიც ოდესმე გადამიღია. მოკლედ ვერ გავწირავდი გასაქრობად ჩემი ცხოვრების მოკლე მიმოხილვას სურათების მეშვეობით.

3. Weekends

იქიდან გამომდინარე, რომ „გასაქრობებში“ მესამე პუნქტია ორშაბათი, „დასატოვებლებში“ იგივე ადგილი weekend-ებს ეკუთვნის.

4. ბლოგი

ინტერნეტსივრცეში გავწირავდი ყველაფერს, გარდა ჩემი ბლოგისა, რომელიც ცოტა ხანია შევქმენი, მაგრამ ძალიან შემიყვარდა.

5. ყავა

ყველაფერი რომ დავკარგო ამას მაინც ვერ შეველევი, უფრო ზუსტად ტკბილ ყავას.

ახლა თქვენი ჯერია, დაწერეთ, რას ვერ გაიმეტებდით გასაწირად და რას დატოვებდით “თამაშს გარეთ” თქვენი ცხოვრებიდან.


7 Comments

Less sleep/More sleep

Image

კომპიუტერთან ვზივარ, ბლოგისთვის თემას ვწერ, სამეცადინოზე არ ვფიქრობ და არც ის მადარდებს დილით ადრე როგორ ავდგე – ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს პარასკევია! მხოლოდ ახლა დავიჯერე. დამთავრდა მორიგი სასწავლო კვირა, დამღლელი და გადატვირთული. ისე მჭირდება ზამთრის არდადეგები, როგორც ჟანგბადი. მჭირდება ბევრი, ბევრი, ძალიან ბევრი ძილი. შემიძლია ყოველდღე, უბრალოდ, ადრე დავწვე და დილითაც ადრე გავიღვიძებ, მაგრამ ნებისყოფა არ მყოფნის.

და მაინც, რატომ მიყვარს ასე ძალიან ღამით სიფხიზლე? ჩემ შემთხვევაში პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ არსებობს კომპიუტერი, რომელთანაც დღისით სამეცადინოს გამო ვერ ვჯდები და ტელევიზორი, რომელზეც შუადღისას არაფერი გადის, მხოლოდ ღამით აჩვენებენ საინტერესო გადაცემებს და პროექტებს. ეს მხოლოდ ჩემი უაზრო მიზეზებია, აი, 2 ფაქტი კი ნამდვილად სწორია და მინდა თქვენც იცოდეთ:

  1. მთელი ღამე ფხიზლად ყოფნის დროს ადამიანის სხეული წვავს 161 კალორიას. ( არ დავიძინოთ და ვიყოთ მუდმივად ფორმაში! :D )
  2. ის ადამიანები, რომლებიც გვიანობამდე არ იძინებენ უფრო ინტელექტუალურები არიან ვიდრე ისინი, ვინც ადრე იძინებენ და ადრე იღვიძებენ.

ყოველივე ამის შემდეგ მგონი მაქვს მიზეზი იმისთვის, რომ არ დავიძინო გვიანობამდე. სულ მიკვირდა, როგორ ათენებდნენ ბლოგერები ღამეებს თემებისთვის, მაგრამ დავიჯერე ამ რამდენიმე დღის წინ, როცა ღამის 3 საათზე ვცადე პოსტის დაწერა. რა დამეხმარება იმაში რომ ღამით არ დამეძინოს? ყავა – ჩემი უერთგულესი მეგობარი. მაგრამ fuuuck, არ უნდა დამავიწყდეს, რომ ადამიანი დაუძინებლად მხოლოდ 48 საათი ძლებს. მართალია, ღამეების თენებას მხოლოდ არდადეგებზე ვაპირებ, მაგრამ დღეს პარასკევია და ამაზე ფიქრით ტვინის გამოსაჭედად საკმაოდ დიდი დრო მაქვს.

მიყვარს პარასკევი! მიყვარს გვიანობამდე სიფხიზლე და მიყვარს დილის ძილი!


7 Comments

ქუჩის დღიურები 2

Image

თენდება… ვიღვიძებ, დიდი სისწრაფით ვიცვამ რაც ხელში მხვდება, ყავას ვსვამ და ქუჩაში გავდივარ მორიგი გასეირნებისთვის. კვლავ ადამიანებზე ვაპირებ დაკვირვებას. მინდა ბოლომდე შევისწავლო რაც შეიძლება მეტი ტიპაჟი. ჰოდა, ახლაც ჩემი სახლიდან გამომავალ ბილიკზე ვდგავარ და ვფიქრობ, საით წავიდე. ძალიან შორს ჩანს გოგონა.

„ახალი დაკვირვების ობიექტი“ -ვფიქრობ მე.

სასწაფოდ უახლოეს სკამზე ვჯდები და გოგონას „შესწავლას“ ვიწყებ. აცვია ისე, როგორც ტიპიურ თინეიჯერს ანუ ტყავის ქურთუკი, ჯინსი და კეტები, არადა ვაკვირდები და სხვა სტილი უფრო მოუხდება. წარმოვიდგინე მასზე პიჯაკი და აშკარად მომწონს. ვარცხნილობას ვერ დავუწუნებ. ახლა ვცდილობ ღრმად ჩავწვდე გოგონას სულიერ სამყაროს. მისი ნაბიჯები დამაჯერებელია, ის სამართლიანი და მებრძოლი ჩანს. თავი ზემოთ აქვს აწეული, მოკლედ, საკუთარი აზრის სისწორეში დარწმუნებულია და პირდაპირია. ერთ რამეს კი ვერ ვკითხულობ მის სახეზე – მხიარულია თუ სერიოზული. რადგან არ ეტყობა, ალბათ, მომენტზეა დამოკიდებული. მხოლოდ ახლა ვხედავ მის მაისურზე წარწერას: „Me, Myself and I. Egoist? Are you fucking kidding me?“. ზედ რომ არ ეწეროს, მის ამ თვისებას ნამდვილად ვერ შევნიშნავდი. შეიძლება არც არის ეგოისტი, უბრალოდ ჰგონია, რომ ასეა. მთელი ამ ხნის მანძილზე მიმიკა არ შეცვლია ანუ გაწონასწორებულია, მაგრამ ეს რა ხდება?ტროტუარზე ჯდება, მაგრამ უცებ, ვიღაცას ხედავს, უფრო სწორად, ვიღაცებს და მათკენ ძალიან, ძალიან ბედნიერი სახით, სწრაფად გარბის. ეს ვიღაცები აშკარად მისი სულის ორი ტყუპისცალია. ტიპიური თინეიჯერი აღარ არის, უკვე განსხვავდება დანარჩენი საზოგადოებისგან.

სახლში დაბრუნებას ვწყვეტ. ადრეა, მაგრამ „დღის გეგმა“ მალე შევასრულე და დასვენებას ვიმსახურებ. პიცას ვუკვეთავ, მის ლოდინში თავს ვერ ვამარცხებ და ცოტა შოკოლადს ვჭამ.