floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


12 Comments

ახალი წელი – ახალი გეგმები

newyearr

მომავალ 2013 წელს:

ვისურვებ – ოცნებების ახდენას

შევხვდები – სახლში

დავლევ – კონიაკს

ვიქნები – საყვარელი

ჩავიდენ – სიგიჟეებს

ვიცხოვრებ- მაგრად

გავერთობი – ბოლომდე

შევიყვარებ – ბევრს

შევიძულებ – მეტს

შევინარჩუნებ – მეგობრებს

დავიკიდებ – ყველაფერს

ვიძინებ – შუადღემდე

ვიტირებ – არცერთხელ

ვიცინებ – უსასრულოდ

გავაგრძელებ – ძველებურად

დავწერ – ბევრს პოსტს

გავხდები – ცნობილი ბლოგერი!

და თქვენ რას აპირებთ?


13 Comments

ნორმალური, ან იქნებ გიჟი ვერონიკა

ვდგავარ ტრანკვილიზატორებით გაჭყეპილი პაციენტებით სავსე პალატაში. ვოცნებობ ჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში ვიყო, მაგრამ ასე არ არის. მე გიჟებს შორის ვარ. მე – ერთადერთი ნორმალური. გარეთ ახალი მთვარეა, სავსეზე მეტად ლამაზი. ამ არანორმალურებს დიდი ხანია ძილი მოერიათ. მხოლოდ ერთს არ სძინავს – ჩემგან ოციოდე საწოლით დაშორებულ გოგონას, რომელიც 24 წლის ძლივს იქნება. პირველად რომ მოიყვანეს აქ, სახტად დავრჩი. ნეტავ, რამ უბიძგა ასეთ ახალგაზრდა და ლამაზ გოგონას სიკვდილისაკენ? დავინახე თუ არა, ჩემი შვილი გამახსენდა. მანაც რომ მსგავსი რამ ჩაიდინოს, ნუთუ გადავიტან? მოგვიანებით გავიგე, რომ ვერონიკა ჰქვია. ლამაზი სახელია… თვითონაც ასეთივეა, მაგრამ მაინც…. სიკვდილს ჩახედა თვალებში. საწყალი დედამისი, ალბათ, როგორ ჯავრობს. გოგონას დღეები დათვლილია. ნეტავ, ახლა რატომ ფხიზლობს? იქნებ იმიტომ, რომ განსხვავდება სხვებისგან? იქნებ სულაც არ არის გიჟი? თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ამათნაირია. მხოლოდ ახლა ვხვდები რომ წიგნში რაც წავიკითხე ვერაფერი გამიგია. მთელი ყურადღება ვერონიკასკენ მქონდა გადატანილი. გოგონა დგება და შეუმჩნევლად ცდილობს გარეთ გასვლას. მე, რა საკვირველია, საწოლში დაბრუნებისაკენ მოვუწოდებ, ის ჩემთან საუბრის გაბმას ცდილობს. თავიდან ვცდილობ არ ავყვე, მერე ისევ მახსენდება რომ ვერონიკა საოცრად გავს ჩემს შვილს და მის მიმართ ლმობიერი ვხდები. ვეუბნები, რომ კარი ჩაკეტილი არ არის, გარეთ გასვლის ნებაც დავრთე. გოგონა ერთიანად ცახცახებს, არ ვიცი ცივა თუ გული აწუხებს. ამ დროს მიმხელს, რომ პიანინოზე დაკვრა უნდა. როგორც კი ჩემგან თანხმობას იღებს, თავს მკერდზე მაყრდნობს და გაუბედავად იწყებს ქვითინს. თანდათან უფრო ემგვანება ჩემს გოგონას. მას სიცოცხლე მოუნდა, მაგრამ გვიანია, ადრევე ჩაკლა საკუთარ თავში საინტერესო და გიჟი ვერონიკა. ფეხზე ვაყენებ და ხელმოხვეულს მიმყავს კარამდე. ვაცილებ. კარს ვხურავ. ამ არანორმალურებს ერთხელ კიდევ ვზვერავ. წიგნს ხელში ვიღებ და კითხვას ვაგრძელებ. დერეფანში ფეხის ხმა წყდება. ვერონიკას თითები პიანინოს კლავიშებს ეხება და მთვარის სონატის ამაღელვებელი მელოდია ჩემამდე აღწევს.

მე – როგორც ექთანი,

პაულო კოელიოს წიგნიდან “ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა


დატოვე კომენტარი

მე დავაკაკუნებ სამოთხის კარზე!

Image

ტელეფონი რეკავს. არ მინდა ვუპასუხო. ვერც გავთიშავ. ძალაუნებურად მესმის ის მელოდია, რომელიც ზარზე მიყენია. მუსიკას შორს გადავყავარ, ფიქრებთან ერთად.

ასე მგონია, ცოტახანში სამოთხის კარზე დავაკაკუნებ.

თანდათან ღამდება. იქნებ თვალებში მიბნელდება? არა, მართლა ღამდება, ნელა და თითქოს უსასრულოდ. სიცივის მანიშნებელი, ნაცრისფერი, შემზარავი ღრუბელი ჩემკენ ეშვება… დრო იწელება.

მე კი სამოთხის კარზე უნდა დავაკაკუნო.

ჩემგან ყველაფერი წაიღეს, წამართვეს, გამძარცვეს, სულიერად გამაღატაკეს… ვეღარაფერს გამოვიყენებ. იარაღიც წამართვეს, ახლა ვერავის გავუწევ წინააღმდეგობას, ვერ ვესვრი მათ, ვეღარ მოვკლავ და ვეღარც მიწასთან გავასწორებ.

აღარ ვარსებობ, მაგრამ ვინ თქვა, რომ გვირაბი უნდა გამევლო? აქ მხოლოდ უკიდეგანო სივრცეა. უცებ კარის მსგავს რაღაცას ვხედავ. მთელი სისწრაფით გავრბივარ, რომ წარმოდგენები არ დამემსხვრეს.

ესაა სანატრელი სამოთხის კარი! აბა სხვა რა უნდა იყოს? ის-ის არის მუშტს ვიმარჯვებ მთელი სისწრაფით დასაკაკუნებლად რომ რაღაც ძალა უკან მაგდებს. კვლავ მივდივარ და ისევ მაბრუნებს.

ჩემი ადგილი აქ ჯერ არ არის, დაუმსახურებლად ვერ დავისაკუთრებ მას.

ტელეფონის ზარი წყდება. რა აზრი აქვს ოცნებების ხელახლა დაწყებას? ისინი დაიმსხვრა.

ვინ იცის მეორედ ვიპოვნი თუ არა იგივე კარს…

(შთაგონებულია “Guns N Roses”-ის მიერ)


17 Comments

მიდი, ჰკითხე ალისას

Image

დღეს მინდა ვისაუბრო წიგნზე, რომელსაც არ დაუპყრია სრულიად ბლოგოსფერო და ბევრისთვის უცნობიც არის. ასე რომ, ვეცდები არ „ვისპოილერო“ და წინასწარ არ გავთქვა ყველაფერი.

მიდი, ჰკითხე ალისას“ 70-იან წლებში მცხოვრები ნარკომანი გოგონას დღიურია, ჩვენ არ ვიცით ამ წიგნის პერსონაჟის პროტოტიპი ერთი ადამიანია თუ რამდენიმე, გაურკვეველია მისი სახელი და გვარი, თუმცა ნათელია ყველაზე საინტერესო დეტალები. ეს ნაწარმოები ნამდვილად ვერ გადაჭრის ნარკომანიის პრობლემას, მაგრამ დაგვაფიქრებს და შეიძლება გარკვეული დასკვნებიც გაგვაკეთებინოს. მოკლედ, წიგნში კარგად არის გამოხატული პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს 13-დან 19 წლამდე ანუ ასახულია მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, მეგობრების გარეშე ყოფნისგან გამოწვეული სევდა, თინეიჯერული სიყვარული, წამალდამოკიდებულება და საკუთარი თავის დამარცხების მცდელობა. „ალისა“ არის გოგონა, რომელიც შემთხვევით ააცდინეს გზას და მთელი ცხოვრება დაუნგრიეს. ამ პერსონაჟში მომწონს ის, რომ მუდამ ცდილობდა ჭეშმარიტებისკენ გადახვევას და გამოჯანმრთელებას, არ მოსწონდა ის რასაც აკეთებდა და სიბინძურედ ეჩვენებოდა, ჰქონდა ოცნებები ანუ ცხოვრება საყვარელ ადამიანთან ერთად, სოციოლოგიაში გარკვევა და მორალურად დახმარება იმ ბავშვებისა, რომლებზეც საკუთარი გამოცდილების გამო გული შესტკიოდა. რა არ მომწონს ამ პერსონაჟში? არ მომწონს, ის რომ ყველა თინეიჯერივით ფეხებზე იკიდებს მშობლების აზრს, არადა ამ შემთხვევაში დედამისი ყოველთვის სწორ რჩევებს აძლევდა. გული მწყდება იმაზე, რომ ვერ მოახერხა საკუთარი თავის დამარცხება.

არ მიყვარს უზარმაზარი თემების წერა, ამიტომ ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ვიტყვი ერთს. ჩემი დიდი სურვილია გავარკვიო რა მოხდა „ალისას“ უკანასკნელი ჩანაწერიდან იქამდე, რაც ეპილოგში წერია. მაინტერესებს, როგორ შეიცვალა ყველაფერი ასე რადიკალურად. ამისთვის კი ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო. უნდა გავესაუბრო ბეატრის სპარკსს, სანამ მომკვდარა, რადგან ის არის ფსიქიატრი და დღიურიც სწორედ მან გამოსცა თავისი პაციენტის მონათხრობის საფუძველზე. თუ ბეატრისი მოკვდა ალინ პეის ნილსენს მაინც გავესაუბრები, ის ჟურნალისტია და ბევრი რამ იცის, რადგან წიგნის ავტორისგან ინტერვიუ აქვს აღებული. ასე რომ, მზად ვარ ბევრ რამეზე წასასვლელად იმის სანაცვლოდ, რომ ბოლოს და ბოლოს “მივიდე და ვკითხო ალისას”.