floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


13 Comments

ნორმალური, ან იქნებ გიჟი ვერონიკა

ვდგავარ ტრანკვილიზატორებით გაჭყეპილი პაციენტებით სავსე პალატაში. ვოცნებობ ჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში ვიყო, მაგრამ ასე არ არის. მე გიჟებს შორის ვარ. მე – ერთადერთი ნორმალური. გარეთ ახალი მთვარეა, სავსეზე მეტად ლამაზი. ამ არანორმალურებს დიდი ხანია ძილი მოერიათ. მხოლოდ ერთს არ სძინავს – ჩემგან ოციოდე საწოლით დაშორებულ გოგონას, რომელიც 24 წლის ძლივს იქნება. პირველად რომ მოიყვანეს აქ, სახტად დავრჩი. ნეტავ, რამ უბიძგა ასეთ ახალგაზრდა და ლამაზ გოგონას სიკვდილისაკენ? დავინახე თუ არა, ჩემი შვილი გამახსენდა. მანაც რომ მსგავსი რამ ჩაიდინოს, ნუთუ გადავიტან? მოგვიანებით გავიგე, რომ ვერონიკა ჰქვია. ლამაზი სახელია… თვითონაც ასეთივეა, მაგრამ მაინც…. სიკვდილს ჩახედა თვალებში. საწყალი დედამისი, ალბათ, როგორ ჯავრობს. გოგონას დღეები დათვლილია. ნეტავ, ახლა რატომ ფხიზლობს? იქნებ იმიტომ, რომ განსხვავდება სხვებისგან? იქნებ სულაც არ არის გიჟი? თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ ამათნაირია. მხოლოდ ახლა ვხვდები რომ წიგნში რაც წავიკითხე ვერაფერი გამიგია. მთელი ყურადღება ვერონიკასკენ მქონდა გადატანილი. გოგონა დგება და შეუმჩნევლად ცდილობს გარეთ გასვლას. მე, რა საკვირველია, საწოლში დაბრუნებისაკენ მოვუწოდებ, ის ჩემთან საუბრის გაბმას ცდილობს. თავიდან ვცდილობ არ ავყვე, მერე ისევ მახსენდება რომ ვერონიკა საოცრად გავს ჩემს შვილს და მის მიმართ ლმობიერი ვხდები. ვეუბნები, რომ კარი ჩაკეტილი არ არის, გარეთ გასვლის ნებაც დავრთე. გოგონა ერთიანად ცახცახებს, არ ვიცი ცივა თუ გული აწუხებს. ამ დროს მიმხელს, რომ პიანინოზე დაკვრა უნდა. როგორც კი ჩემგან თანხმობას იღებს, თავს მკერდზე მაყრდნობს და გაუბედავად იწყებს ქვითინს. თანდათან უფრო ემგვანება ჩემს გოგონას. მას სიცოცხლე მოუნდა, მაგრამ გვიანია, ადრევე ჩაკლა საკუთარ თავში საინტერესო და გიჟი ვერონიკა. ფეხზე ვაყენებ და ხელმოხვეულს მიმყავს კარამდე. ვაცილებ. კარს ვხურავ. ამ არანორმალურებს ერთხელ კიდევ ვზვერავ. წიგნს ხელში ვიღებ და კითხვას ვაგრძელებ. დერეფანში ფეხის ხმა წყდება. ვერონიკას თითები პიანინოს კლავიშებს ეხება და მთვარის სონატის ამაღელვებელი მელოდია ჩემამდე აღწევს.

მე – როგორც ექთანი,

პაულო კოელიოს წიგნიდან “ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა


დატოვე კომენტარი

აღსარება ბზარების გარეშე

Image

ღამეა. ძილი არ მეკარება.

უძილობა მას შემდეგ დამჩემდა, რაც ის ამბავი მოხდა. კალამს ხელში ვიღებ, წერას ვიწყებ. მინდა გადმოვცე ყველაფერი, რაც მაწუხებს, თუმცა მონანიებას მაინც არ ვაპირებ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბავშვობაში იმ დაწყევლილ, ცხოვრების დამანგრეველ ბრიტანული სკოლაში შემიყვანეს. მე მკაცრი წესების მსხვერპლი გავხდი.

გავიდა წლები… მე უკვე სკოლაში ვასწავლიდი. ასე რომ, შემეძლო საკუთარი მსხვერპლის არჩევა და საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი. ყურადღებით ვათვალიერებდი ყველა მოსწავლეს. იმ მომენტისთვის საუკეთესო ვარიანტი დი იყო რომ არა ფიამას გამოჩენა. ესპანელი გოგონას ასე უცებ შემოჭრა ჩვენს სკოლაში რაღაც არასწორი იყო. ტყუილია, რომ ამბობენ, ადამიანს ცხოვრება თვალწინ მხოლოდ სიკვდილის წინ გაუელვებსო. მე იგივე ფიამას ყოველ დანახვაზე მემართებოდა. ის იყო ერთადერთი ვინმე, ვინც წარსულს სიტყვების გარეშე მახსენებდა. პირველივე დღიდან ჩემი მეტოქე გახდა. აქამდე თუ ყურადღების ცენტრში მე ვექცეოდი, ბავშვები მაღმერთებდნენ და მასწავლებლის იდეალად მთვლიდნენ, მისი გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. სკოლა ახალი მოსწავლისკენ გადაერთო. გულში მოსვენებას არ მაძლევდა მისი განადგურების არანორმალური ჟინი. მომეცა თუ არა საშუალება სასტიკად გავუსწორდი გოგონას. იმ დღის გახსენებისას მაჟრიალებს, მაგრამ მაინც არ ვნანობ. ყურში ზარივით ჩამესმის ჩემივე სიტყვები:

– დაიძინე, დაიძინე, პატარავ. შენ ჯერ არ ხარ მზად ამ ცხოვრებისთვის.

რა მტანჯავს? იმის მაგივრად, რომ სიკვდილის წინ ბოდიში მომეხადა ან მეთქვა სხვანაირად არ შემეძლო და თავიდან უნდა მომეშორებინეთქო, მე მხოლოდ რაღაც სულელური მიზეზი ვუთხარი, თან ჩემი თავიც დავარწმუნე ამაში.

ასე იყო თუ ისე, ყველაფერი მორჩა. ვზივარ ფანჯრის წინ, გარეთ ლამპიონებს ვუყურებ, სიგარეტს ვეწევი, წარსულზე ვფიქრობ და მაინც არ ვნანობ. ცოცხალი რომ იყოს ფიამა, ისევ გავწირავდი სასიკვდილოდ. ხომ ვამბობდი მთავარი სურვილიათქო. ჰოდა, მე ასე მინდოდა.

თუ ვინმე ამ „აღსარებას“ კითხულობს, ნიშნავს, რომ მე ცოცხალი აღარ ვარ და ძლივს შემონახული, გაყვითლებული ფურცლები ბინის ახალმა პატრონებმა აღმოაჩინეს კარადის ქვედა კუთხეში. ნიშნავს იმასაც, რომ გძულვართ ჩემი საშინელი საქციელის გამო, მე კი კვლავ არ ვნანობ…

(მე როგორც მის ჯი, ყვინთვის მასწავლებელი.

შთაგონებულია „ბზარების“ მიერ)


11 Comments

თვითგანადგურება სრულყოფილების ძიებაში

Image

ფარდა ეშვება… დარბაზში ყურთასმენა აღარ არის… ტაშის კვრისგან ყველას ხელები უწითლდება. ჩემს გონებაში ქაოსია, ფიქრები ერთმანეთს აწყდება.

მალე ფარდა ისევ უნდა გაიხსნას, მსახიობებმა თავი დაუკრან პუბლიკას, ხალხი განსაკუთრებით გედს ელის. წარმოვიდგენ, რომ გადის წამები და ის არსად ჩანს. არა! ასე არ მოხდება! ტვინს ძალას ვატან, რომ რამე მოვიფიქრო. ახლა წარმოვიდგენ, რომ ყველა იგებს იმას, რაც მოხდა, ელვისებური სისწრაფით ხმები მთელს ქალაქში ვრცელდება, ხალხი შეძრწუნებულია და ყველა მხრიდან რეპორტიორები მაწყდებიან, იმის გასაგებად თუ რა დაემართა პრიმა-ბალერინას. მერე ფიქრებში ვხატავ მომენტს, როცა ხელში გაზეთი მიჭირავს, ჩემი ფოტოთი დამშვენებული და სათაურს ვკითხულობ „რეჟისორმა პრიმა-ბალერინა თვითმკვლელობამდე მიიყვანა“. არა! არც ეს მოხდება! არავის მივცემ უფლებას ასეთი ჭორი ააგოროს. სულ ცოტა დრო მრჩება. უცებ თავში რაღაც იდეამ გამკრა.

– ლილი! – ვყვირი მე. – სასწრაფოდ ნინას საგრიმიოროში შედი, შავი გედის ფორმა ჩაიცვი და სცენაზე გადი! ოდეტა მოკვდა! შენ ხარ ოდილია!

ფარდა იხსნება. ლილი აგვიანებს. პუბლიკა აფორიაქებულია.

მადლობა ღმერთს, ჩემი შავი გედიც გამოჩნდა. ხალხი არანორმალური ყიჟინით ეგებება მას, ნინას საოცრად რეალური თამაშის გამო თავიანთ აღფრთოვანებას ვერ მალავენ და ამიტომაც ეგებებიან ლილის. წარმოდგენა საბოლოოდ სრულდება.

კულისებში დასვენებულ ნინას ცხედარს გაშტერებული ვუყურებ, ყველას ხმამაღლა ვუყვირი გამეცალონ, ჩემი საუკეთესო მოცეკვავის ცივ სხეულთან მარტო ვრჩები და ცხოვრებაში პირველად ერთი ცრემლი მვარდება მარცხენა თვალიდან. ბალერინა სისხლით არის შეღებილი, იმ სისხლით, რომელიც სრულყოფილების გამო დაიღვარა.

ვცდილობ მომხდარის გაანალიზებას… გონზე რომ მოვდივარ ნინას დედას ვურეკავ, სიტუაციაში ვარკვევ, ისიც ჩემს აზრზე დგას. საქმე არ უნდა გახმაურდეს.

ღამის სიბნელეში მე და ნინას დედა ძლივს მივიკვლევთ გზას, თან მისი შვილის ცხედარს მივათრევთ და ჩუმად, თითქმის უხმოდ, როგორღაც, წვალებით ვასაფლავებთ მას. არც ერთი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. აშკარაა, რომ მე არაფერი მეთქმის, მას კი ლაპარაკსაც ვერ მოვთხოვ ისეთ მდგომარეობაშია.

დიდი ხნის შემდეგ ჩემს შინ წასვლასაც დაადგა საშველი. თეატრიდან სახლამდე აღარც ვიცი რაზე ვიფიქრო, მხოლოდ 2 კითხვა და 2 პასუხი მიტრიალებს თავში.

ნინა სრულყოფილებას ესწრაფვოდა, პრემიერამდე მასზე ფსიქოლოგიური წნეხი კი იზრდებოდა და იზრდებოდა, ამაში დამნაშავე მხოლოდ თვითონ იყო და არავინ სხვა, თუმცა მჯერა მისი ბოლო სიტყვების. მან მიაღწია სრულყოფილებას.

– აქვს საზღვრები ადამიანის ფსიქიკას?

– არა!

– სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს სრულყოფილების ძიებამ?

– საკუთარი „მეს“ დაკარგვამდე..

თვითგანადგურებამდე!

(მე როგორც ტომას ლეროი, “გედების ტბის” დამდგმელი რეჟისორი.

შთაგონებულია “შავი გედის” მიერ)


2 Comments

კრისტინა ანუ კინოვოიაჟის დროს აღმოჩენილი საკუთარი თავი

Image
ვინმე დაკვირვებიხართ ავატარს ჩემს ბლოგზე, მარჯვენა მხარეს? ზოგიერთი თქვენგანი ალბათ, მიხვდება, რომ ეს სკარლეტ იოჰანსიონია, ზოგი იმასაც მიხვდება, რომ ეს სკარლეტის გმირია ფილმიდან „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“. რა დატვირთვა აქვს ამ ფოტოს ჩემთვის? კრისტინაში ვხედავ ჩემ თავს, ჩვენი აზრები ერთმანეთის იდენტურია. ვერ აღვწერ იმ გრძნობას, რომელიც მაშინ მეუფლება, როცა რომელიმე კინოპერსონაჟში საკუთარ თავს აღმოვაჩენ ხოლმე, თუმცა კრისტინას თვისებებმა ყველა მანამდე ნანახი ტიპაჟი გადაფარა. ის არის „მე“ და მე ვარ „ის“, ჯამში კი 2 სხვადასხვა ადამიანი საერთო ხედვებით.

მეც, ისევე როგორც კრისტინას, ხშირად მიჩნდება კითხვები ცხოვრების შესახებ და ვერასოდეს ვიღებ სრულ პასუხს. ჩვენ, ორივე ვფიქრობთ, რომ არ გაგვაჩნია არავითარი ნიჭი. მე ხომ ჩვეულებრივი, სტატისტიკური ადამიანი ვარ, არაფრით გამორჩეული? მე და ამ კინოპერსონაჟს შეგვიძლია შევაფასოთ ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში, გვიყვარდეს მუსიკა, მაგრამ სამწუხაროდ, არ შეგვიძლია ამგვარი გზებით საკუთარი ემოციების გამოხატვა. მან არ იცის რა უნდა და ძიების პროცესშია. მეც ვერ მიპოვნია თავი და არ ვიცი რას მოვითხოვ ცხოვრებისგან. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რაც არ გვინდა, მაგრამ თუ მაინც როდესმე ვხვდებით ჩვენს სურვილს, ამას პირდაპირ არასოდეს ვამბობთ. ის ერთი შეხედვით გრძნობებს აყოლილი გოგოა, თუმცა უკვე აღვნიშნე, რომ ბევრს ფიქრობს და ამარცხებს გრძნობებს. მის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს სიყვარულს, თუმცა ნათელია, რომ ყველაზე ძვირფასი მეგობრობაა. ამის შემხედვარე, იმედი მაქვს, რომ ყოველთვის ვიქნები გრძნობებზე ძლიერი, სხვას ზიანს არ მოვუტან, კრისტინასგან ავიღებ დადებით თვისებებს, ხოლო უარყოფითებს გამოვასწორებ და შევქმნი ახალ პერსონაჟს სახელად „მე“.