floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


11 Comments

უჩვეულოდ გულწრფელი პოსტი

ხანდახან ადამიანები ისეთ რამეს წერენ, რისი თქმაც ენით არ შეუძლიათ. ვერ ვიტყვი ბლოგი იმისთვის მაქვს, რომ მხოლოდ ის ვწერო რაც მე მაწუხებსთქო, მაგრამ ზოგჯერ მეც მინდა ვთქვა ყველაფერი, რასაც რეალურ ცხოვრებაში არასოდეს ვაღიარებ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გულწრფელი და გახსნილი ვარ, დღეს ბევრ უცნობ ფაქტს გაიგებთ ჩემ შესახებ.

  • ზოგჯერ თავს იმაზე ცუდ ადამიანად ვაჩვენებ ვიდრე ვარ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რაში მჭირდება ხოლმე.
  • ის ფაქტი, რომ ჯერ აზრზე არ ვარ რა პროფესიის უნდა გამოვიდე, იმაზე მეტად მაწუხებს, ვიდრე ამას პირდაპირ გამოვხატავ.
  • სასტიკად მაღიზიანებს, როცა მგონია რომ რამეში ერთადერთი ვარ და ამ დროს ასპარეზზე მეორე ჩემნაირი გამოდის. ეს საფრთხეს უქმნის ჩემს პირველობას.
  • ყოველთვის ვამბობდი, რომ დედაჩემს არაფერს ვუმალავ. ბოლო დროს ვხვდები, რომ ეს ასე არ არის. ამბის მოყოლისას ზოგჯერ მნიშვნელოვან დეტალებს ვტოვებ, მაგრამ არასოდეს ვანაცვლებ მათ ტყუილით.
  • ვთვლიდი, რომ არ მადარდებდა, რას იფიქრებდა სხვა, არადა, ვერ ვიტან როცა ვინმეს არასწორი წარმოდგენა აქვს ჩემზე. პირდაპირ თუ არა, შეფარვით მაინც ვცდილობ, რომ სხვას აზრი შევაცვლევინო.
  • მეგონა, რომ არ ვიყავი ეჭვიანი. როგორც აღმოჩნდა, ხშირად მეპარება ეჭვი ადამიანის ერთგულებაში.
  • ფეხებზე ბევრი რამის დაკიდება არ შემიძლია. ფეხები არც ისე სუსტი მაქვს, უბრალოდ რამეს დაკიდებით ვიღაც ტყუილად გაიხარებს.
  • სხვის უბედურებაზე უფრო მეტს ვტირი, ვიდრე საკუთარზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ვტირი ყოველ მესამე ფილმზე, მაგრამ როდესაც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში მეორდება არც ისე „სუსტი გული“ მაქვს.
  • ყველაზე მეტად არ მინდა იმის აღიარება, რომ კმაყოფილი ვარ აწმყოთი, თუმცა მივტირი წარსულს.
  • არ ვარ შურიანი, თუმცა ვგიჟდები შურისძიებაზე.
  • ვაღიარებ, რომ ჩემგან საუკეთესო ბლოგერი არ დადგება, თუმცა ის დროც მოვა, როცა ცნიბილი ვიქნები ამ საქმიანობით. და ბოლოს, უკვე ოცნებად მექცა პირველი ადგილი Freshly Pressed-ში.

P.S. ბლოგზე არასოდეს ვიტყუები.

P.P.S. შეგიძლიათ, თქვენც დაწეროთ ისეთი რამ, რასაც პირდაპირ არასოდეს აღიარებთ.


17 Comments

ქუჩის დღიურები: საუკეთესო სამკუთხედი

f0cce4cbb83e

24.06.2012

I

მეტროდან გამოვდივარ და ვხედავ გოგონას, რომელიც მაკდონალდსის წინ ნერვიულად დააბოტებს. ეს ნიტაა. დიდი ხანია ვიცნობ. მას ტანზე ვარდისფერი კაბა აცვია, ქვემოთ კი, როგორც ყოველთვის, ცისფერი ფეხსაცმელები. თმა გაშლილი აქვს. ხელში მობილური უჭირავს. როგორც ვხვდები, ის საზარელი ფრაზა ესმის. „გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“. ტელეფონს ჩანთაში უხეშად აგდებს, მაგრამ მალევე უკან იღებს.

– ძალიან ვნერვიულობ. ტასო არსად ჩანს. მობილურზე ვერ ვუკავშირდები… ა, მართალი ხარ. შეიძლება მეტროშია… მეც ძალიან მინდა რომ აქ იყო… არაუშავს, როგორმე მოვახერხებთ კიდევ ერთხელ შეხვდრას… ჰო, როცა მოვა შეგეხმიანებით, ელე… მეც მიყვარხარ.

ნიტა გამუდმებით ორ ადამიანზე ლაპარაკობს – ტასოსა და ელეზე. ამ უკანასკნელს ახლახანს ელაპარაკა. შესაბამისად, გოგონა, რომელიც ახლა მისკენ მორბის, ტასო უნდა იყოს. არამგონია, სხვა ვინმეს ასე ელოდეს. მას გრძელი, წაბლისფერი თმა აქვს, მაღალია, ჯინსის შორტი და თეთრი მაისური აცვია. დიდი სისწრაფით მოქრის და სანამ ნიტა, იმის გააზრებას ასწრებს, რომ ეს ტასოა, მანამდე მთელი ძალით ეხუტება მას. გოგონები ერთმანეთს ხელს არ უშვებენ, ნიტა მოაჯირს ეყრდნობა რომ არ წაიქცეს. ალბათ, ასეთი თბილი ჩახუტება კინოისტორიასაც არ ახსოვს.

– შევიდეთ. რაღას ვუცდით? მერე ელეს დავურეკოთ.

24.06.2012

II

რამდენიმე საათის შემდეგ, წასვლისას, ტასო ხელით გულს უხატავს ნიტას.

ნიტა იღიმის.

ყველაზე რთული და მტკივნეული ხომ დამშვიდობებაა.

11.09.2012

ნიტამ ჩემთან შეხვედრაზე უარი თქვა. არ მცალიაო. უნდა გავიგო სად მიდის. ვატყობ, დღეს კიდევ ერთხელ დავწერ ქუჩის დღიურებს. ახლა ის სადღაც მიიჩქარის. მობილურზე რეკავს და მის ხმას ძლივს ვარჩევ.

– უთხარით, რომ მანდ გააჩეროს. მეც მოვდივარ, 2 წუთში მეც მოვალ.

ღმერთო, არა, ისევ მის გიჟ საუკეთესო მეგობრებს ვხედავ. ელეს, როგორც ყოველთვის, ჯინსი და კედები აცვია. ტასო, როგორც ჩანს, ერთ-ერთი მსახიობის მსგავსად იცვამს. ნიტა ცდილობს ჩუმად მიეპაროს მათ, მაგრამ ელე ამჩნევს, კივის,  მისკენ გარბის და მთელი ძალით ეხუტება. რამდენიმე წამში ტასოც უერთდებათ და ყველაზე, ყველაზე მაგარ სამკუთხედს ქმნიან, ისეთს, ვერც მედიანა და ვერც ბისექტრისა რომ ვერ გაყოფს.

04.01.2013

ალბათ, თქვენთვის ძნელი გასარკვევია ის, თუ რატომ არის ჩემს მეხსიერებაში აღბეჭდილი ეს რამდენიმე კადრი ძალიან მნიშვნელოვანი. მე, უბრალოდ, მაოცებს სამი რადიკალურად განსხვავებული ადამიანის გიჟური მეგობრობა.