floydian girl's blog

ფლოიდელი გოგოს ბლოგი


7 Comments

ქუჩის დღიურები 2

Image

თენდება… ვიღვიძებ, დიდი სისწრაფით ვიცვამ რაც ხელში მხვდება, ყავას ვსვამ და ქუჩაში გავდივარ მორიგი გასეირნებისთვის. კვლავ ადამიანებზე ვაპირებ დაკვირვებას. მინდა ბოლომდე შევისწავლო რაც შეიძლება მეტი ტიპაჟი. ჰოდა, ახლაც ჩემი სახლიდან გამომავალ ბილიკზე ვდგავარ და ვფიქრობ, საით წავიდე. ძალიან შორს ჩანს გოგონა.

„ახალი დაკვირვების ობიექტი“ -ვფიქრობ მე.

სასწაფოდ უახლოეს სკამზე ვჯდები და გოგონას „შესწავლას“ ვიწყებ. აცვია ისე, როგორც ტიპიურ თინეიჯერს ანუ ტყავის ქურთუკი, ჯინსი და კეტები, არადა ვაკვირდები და სხვა სტილი უფრო მოუხდება. წარმოვიდგინე მასზე პიჯაკი და აშკარად მომწონს. ვარცხნილობას ვერ დავუწუნებ. ახლა ვცდილობ ღრმად ჩავწვდე გოგონას სულიერ სამყაროს. მისი ნაბიჯები დამაჯერებელია, ის სამართლიანი და მებრძოლი ჩანს. თავი ზემოთ აქვს აწეული, მოკლედ, საკუთარი აზრის სისწორეში დარწმუნებულია და პირდაპირია. ერთ რამეს კი ვერ ვკითხულობ მის სახეზე – მხიარულია თუ სერიოზული. რადგან არ ეტყობა, ალბათ, მომენტზეა დამოკიდებული. მხოლოდ ახლა ვხედავ მის მაისურზე წარწერას: „Me, Myself and I. Egoist? Are you fucking kidding me?“. ზედ რომ არ ეწეროს, მის ამ თვისებას ნამდვილად ვერ შევნიშნავდი. შეიძლება არც არის ეგოისტი, უბრალოდ ჰგონია, რომ ასეა. მთელი ამ ხნის მანძილზე მიმიკა არ შეცვლია ანუ გაწონასწორებულია, მაგრამ ეს რა ხდება?ტროტუარზე ჯდება, მაგრამ უცებ, ვიღაცას ხედავს, უფრო სწორად, ვიღაცებს და მათკენ ძალიან, ძალიან ბედნიერი სახით, სწრაფად გარბის. ეს ვიღაცები აშკარად მისი სულის ორი ტყუპისცალია. ტიპიური თინეიჯერი აღარ არის, უკვე განსხვავდება დანარჩენი საზოგადოებისგან.

სახლში დაბრუნებას ვწყვეტ. ადრეა, მაგრამ „დღის გეგმა“ მალე შევასრულე და დასვენებას ვიმსახურებ. პიცას ვუკვეთავ, მის ლოდინში თავს ვერ ვამარცხებ და ცოტა შოკოლადს ვჭამ.


14 Comments

ქუჩის დღიურები

Image

შემოდგომის პირქუში დილაა.. წვიმს.. ცისარტყელა არსად ჩანს და მზე მითუმეტეს, სულ დამალულია..  ქუჩის კუთხეში გამოჩნდა გოგონა, თავიდან ფეხებამდე დასველებული, კინოდან სახლისკენ მიმავალი. ფიქრები რიგ-რიგობით ეხატება სახეზე. აშკარაა, რომ ტვინში მხოლოდ ნანახი ფილმი უტრიალებს, ცდილობს გაერკვეს ყველაფერში, უნდა, რომ ჩაწვდეს ჩანაფიქრს. ის არანორმალური კინომანიაკია, ფილმებია მისი ცხოვრების აზრი და უდიდესი ნაწილი. კინო განაპირობებს მის ხასიათს და ზემოქმედებს მასზე. შეხედავ, მორიგი გოგონაა, რომელიც დიდი ნაბიჯებით, თითქმის სირბილით მიდის სახლისკენ, თუ ეცდები მის სულიერ სამყაროში ჩაიხედო, მაშინ უტიფარია და ცინიკოსი, ამავდროულად, გიჟი, ასეთ ამინდში თმაგაწეწილი დადის, მხოლოდ კინოსამყარო ადარდებს და ამით ბედნიერიც კი არის. გოგონას თვალები გაუბრწყინდა, ალბათ მიხვდა ყველაფერს, რაც თვითონვე ნახა და მხოლოდ ახლა დავინახე მისი ნამდვილი სახე. უკვე, მესმის, რას ნიშნავდა ის ცივი, გამყინავი თვალები, რომლებითაც ის მხოლოდ თავის ტალახიან ფეხსაცმელებს უყურებდა და ზემოთ არ იხედებოდა. დავინახე მის თვალებში რაღაც დადებითი, რაღაც ადამიანური, რაღაც ნათელი. მას აუცილებლად ექნება გარკვეული ფასეულობები, არ იქნება ისეთი გულჩათხრობილი, როგორიც ორიოდე წუთის წინ ჩანდა, უბრალოდ, იმ მომენტში დავინახე როცა ფიქრებში იყო გართული, პირიქით მისი თვალები ზედმეტად მართალია და იმაზე მეტს ამბობენ, ვიდრე გულს უნდა რომ გათქვას. სიცოცხლისმოყვარულია, ეს აშკარაა. როგორც ჩანს, წვიმაც უყვარს, რადგან სულ არ ცდილობს თავი აარიდოს დასველებას.

მორიგი, ჩვეულებრივი გამვლელი ნამდვილად არ არის. თავისი სამყარო აქვს, თავისივე ხედვებით და იდეებით. როგორც ეტყობა, თავი ჯერაც ვერ უპოვნია, თუმცა სახეზე აწერია, ის ეძებს საკუთარ „მეს“. ამ  დროს გვერდით ჩამიარა და თვალის გაყოლება ვეღარ გავბედე, ჩემთვის ისედაც ყველაფერი გასაგებია.

აჩქარებული ნაბიჯებით გავაგრძელე სიარული. საკუთარ თავს ვეღარ ვაჯობე და უკანასკნელად მაინც გავხედე გოგონას, თუმცა რომელიღაც შესახვევში გაუჩინარებულიყო. ღრუბლებს შორის მზე გამოჩნდა. წვიმამ გადაიღო…ჩემი ფიქრებიც წაიღო და ის არანორმალური კინომანიაკიც თან წაიყვანა..